გრიპის ვირუსის გამო საჯარო სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა

გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდა, შესაბამისად, სწავლა დაიწყება ორშაბათს, 21 იანვარს, აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სკოლებსა და ბაღებში, შესაძლოა, ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს>>>

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, გრიპის ვირუსის 162 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, გარდაცვლილია ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის არის ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით (H1N1) გარდაცვალების ფაქტებიც.

ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, გრიპის სტატისტიკა წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 21 ერთეულით ნაკლები იყო – 100 ათას მოსახლეზე ვირუსით დაავადებული 256 ადამიანი. თუმცა, გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს. 

საქართველოში გრიპის ვირუსის გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლის დაწყებამდე კვლავ დააკვირდებიან არსებულ მდგომარეობას და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია, არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად უნდა დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი", – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

განათლების სამინისტრო სკოლებს ასევე მოუწოდებს, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებელ ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემენ. 

მკვლელი გრიპი თუ გულგრილობა: გორის რაიონში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები – ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).