ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს

გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.
Sputnik

თბილისი, 9 იანვარი -Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა ​გავრცელებული გრიპის ვირუსის შესახებ რეკომენდაციებს გასცემს და მოსახლეობას ამშვიდებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, გრიპის ვირუსის 162 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, გარდაცვლილია ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის არის ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით (H1N1) გარდაცვალების ფაქტებიც. 

მკვლელი გრიპი თუ გულგრილობა: გორის რაიონში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა

ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, გრიპის სტატისტიკა წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 21 ერთეულით ნაკლებია – 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 256 ადამიანია დაავადებული. თუმცა, გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს.

მარიან ივანუშა მოსახლეობას ურჩევს დაიცვან ჰიგიენური ნორმები, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას და დროულად მიმართონ ექიმს. მისი თქმით, ვაქცინაცია საუკეთესო საშუალებაა გრიპის პრევენციისთვის.

„გადაჭრით ვერ გეტყვით, რომ ვაქცინაცია ახლა დაგვიანებულია. თუმცა, შეიძლება მან არ იმოქმედოს, რადგან მის ამოქმედებას დაახლოებით ორი კვირა მაინც სჭირდება. ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი არის გვიანი შემოდგომა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. 

სკოლებსა და ბაღებში, შესაძლოა, ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს

როგორც მარიან ივანუშამ აღნიშნა, ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არის და მეზობელ ქვეყნებში გაცილებით რთული ვითარებაა. 

„ძალიან ვწუხვართ თითოეული ადამიანის გარდაცვალების გამო, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა გადაჭარბებული არ არის. ევროპის რეგიონში ყოველწლიურად დაახლოებით 70 ათასი ადამიანი იღუპება A ტიპის ვირუსით. სწორედ ამიტომ არის მიჩნეული ეს საკმაოდ სახიფათო დაავადებად. შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებშიც“, – განაცხადა მან.

გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები – ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).