გრიპის ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა – ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ

სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, გრიპის პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოში, ბოლო მონაცემების მიხედვით, გრიპის ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

არსებული ინფორმაციით, ეს ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებია, მათ შორის არის H1N1-ით გარდაცვალების ფაქტებიც.

საგანგებო რეჟიმი ჯანდაცვის სამინისტროში: ხუთი კლინიკა 24–საათიან რეჟიმში იმუშავებს>>>

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, გრიპის სტატისტიკა წინა კვირის მონაცემებთან შედარებით 21 ერთეულით ნაკლებია – 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 256 ადამიანია დაავადებული. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს.

მედიკამენტი „ტამიფლუ“ მხოლოდ ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება

სპეციალისტების განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებენ, პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

„ოდნავ შემცირებულია მძიმე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზირებულთა მაჩვენებელი. 41%-დან ჩამოსულია 33%-ზე, მაგრამ ეს მაინც მაღალია. აუცილებელია, თუ ბავშვს 38-ზე მეტი აქვს ტემპერატურა, მივმართოთ პედიატრს. როგორც კი ორსულს ეწყება მაღალი ტემპერატურა შემცივნებით, აუცილებელია, რომ მან კონსულტაცია გაიაროს ოჯახის ექიმთან და მეან-გინეკოლოგთან", – განაცხადა გამყრელიძემ.

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს.

გრიპის ვაქცინაცია: დოქტორ კომაროვსკის განმარტება-რეკომენდაცია>>>

ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მედიკამენტ "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები – ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

H1N1 – А ვირუსის ქვეტიპია (გრიპის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს იწვევს).

ადამიანების უმრავლესობის ორგანიზმში დაავადება გართულებების გარეშე ერთ კვირაში გადის, მაგრამ არსებობს დაავადების რთული ფორმა, რომელსაც სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია ახასიათებს. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით მას არ გააჩნია მგრძნობელობა ანტიბიოტიკებზე და არასწორი მკურნალობისას გართულების პირველი ნიშნების გამოვლენიდან 24 საათში ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს.

უმეტეს შემთხვევაში გრიპის სიმპტომებია: ტემპერატურის მატება, ხველება, ყელის ტკივილი, სურდო, თავის, კუნთების ტკივილი, სისუსტე და შემცივნება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პირღებინება ან დიარეა.