„მგონი მიწიერ და ზეციურ ანგელოზებს შორის ბალანსი დავარღვიე“

ნანა სუხაშვილი ფიზიკოსია, მაგრამ ცხოვრებაში სულიერი სიმშვიდე და კმაყოფილება სულ სხვა საქმიანობაში ჰპოვა. უკვე 37 წელია რაც კალათებს, თოჯინებს, პანოებს და ინტერიერის სხვადასხვა დეტალებს ამზადებს და ყველაფრისთვის მხოლოდ სიმინდის ფუჩეჩს იყენებს.
Sputnik

 დღეს შობაა და როგორც ყოველ წელს, ამ დღისთვის მის მიერ დაწნულ ანგელოზებზე ისევ დიდი მოთხოვნა იყო.

„მგონი მიწიერ და ზეციურ ანგელოზებს შორის ბალანსი დავარღვიე“

-ქალბატონო ნანა, ისე მოხდა, რომ  თქვენთვის სამი მნიშვნელოვანი ამბავი ამ საქმიანობასთანაა დაკავშირებული, ორჯერ შობა ახლოვდებოდა...

-დიახ, ასე მოხდა. ბოლო 37 წელია რაც სიმინდის ფუჩეჩს სამუშაო მასალად ვიყენებ. პირველად 83 წელს შვილის მოლოდინის პერიოდი მქონდა, როდესაც ფუჩეჩისგან ლარნაკის დაწნა დავიწყე. სხვათაშორის ის ლარნაკი არ გამიყიდია და არასოდეს გავყიდი. საქართველოში ძირითადად სიმინდის ფუჩეჩისგან დამზადებული მხოლოდ ჩანთები თუ მინახავს და ყოველთვის მაინტერესებდა მისი დაწნის მეთოდი. ეს სურვილი თბილისში, დავიკმაყოფილე. ერთხელ აღმოვაჩინე, რომ ჩემი თანამშრომელი, რომელიც ხაშმიდან იყო წარმოშობით, სიმინდის ფუჩეჩისგან კალათს აკეთებდა, დაწნა სწორედ მისგან ვისწავლე.  მაისის ბოლო იყო და ახლოვდებოდა ყვავილების დღესასწაული, რომელშიც პირველად მივიღე მონაწილეობა. მას შემდეგ თბილისში ჩატარებულ ყველა „ყვავილების დღესასწაულში“ მაქვს მონაწილეობა მიღებული. სხვადასხვა გამოფენებში კი 80-იანი წლებიდან ვმონაწილეობ.

„მგონი მიწიერ და ზეციურ ანგელოზებს შორის ბალანსი დავარღვიე“

-პირველი თოჯინა საშობაოდ გააკეთეთ?

-დიახ, სწორედ საშობაოდ, 93 წელს გამიჩნდა იმის სურვილი, რომ სიმინდის ფუჩეჩისგან თოჯინები დამემზადებინა. მსგავსი რამ ყოველთვის მინდოდა, მაგრამ შობამ რეალურად დააჩქარა ამ სურვილის განხორციელება. 1993 წელს, როდესაც თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა საშობაოდ ემზადებოდა, სკოლის მოსწავლეების მშობლები ვამზადებდით სხვადასხვა ნივთებს და მე მომინდა, რომ სიმინდის ფუჩისგან თოჯინები დამემზადება. ასე გაჩნდნენ ჩემი ფუჩეჩის გოგო-ბიჭები. დროთა განმავლობაში ისინი ზომაში გავზარდე, შევმოსე და აქსესუარებითაც გავალამაზე.

„მგონი მიწიერ და ზეციურ ანგელოზებს შორის ბალანსი დავარღვიე“

- სად შოულობთ სიმინდის ამდენ ფუჩეჩს?

- ახლობლები მიგროვებენ ან მე თავად ვაგროვებ მათ საგარეჯოში. მოგვიანებით დავიწყე ფუჩეჩის შეღებვა ენდროში ან კაკლის ნახარშში, ანუ შეფერილობა მივეცი და ისინი უფრო ლამაზი სანახავი გახდნენ.

-ფუჩეჩისგან ანგელოზების გაკეთება როდის დაიწყეთ?

- როდესაც ტრადიციული რეწვის ასოციაში, რომლის დირექტორია ირინა მანია, გაწვერიანდი, იქ ჩემი ნამუშევრები, მათ შორის ფუჩეჩის თოჯინებიც მივიტანე. ასოციაციის სამხატვრო ხელმძღვნაელმა, ანა შანშიაშვილმა შემომთაზა, რომ ამავე მასალისგან ანგელოზები დამემზადებინა. მათი შექმნა ცოტა გამიჭირდა, ჯერ ერთი, თემა იყოს ჩემთვის საფრთხილო და თანაც, იმისთვის, რომ მათთვის შესაფერისი ფორმა მომეფიქრებინა, დიდი დრო დაჭირდა. საბოლოოდ ეს ანგელოზები საშობაოდ გაჩნდნენ. ამის შემდეგ ყოველ შობას ბევრი ანგელოზის კეთება მიწევს ხოლმე და ამ საქმეს ჩემთვის დიდი სიამოვნებ მოაქვს..

„მგონი მიწიერ და ზეციურ ანგელოზებს შორის ბალანსი დავარღვიე“

- დაახლოებით რამდენი ანგელოზი გაქვთ შექმნილი საშობაოდ?

-უუჰ, ძალიან ბევრი... ერთხელ ვიხუმრე, რომ მგონი, ჩემი ამდენი ანგელოზით მიწიერ და ზეციურ ანგელოზებს შორის ბალანსი დავარღვიე მიწიერის სასარგებლოდ მეთქი..

-არ უნდა იყოს ცუდი ამბავი...

- მე ვფიქრობ, რომ ფუჩეჩისგან დაწნილი ერთი პატარა ანგელოზი ალბათ, ყველა ჩვენგანშია... მას უბრალოდ გაფრთხილება და მოფერება უნდა, ხშირად უნდა დავყვეთ მის ნებას და მაშინ სიკეთე არ მოგვაკლდება...

„მგონი მიწიერ და ზეციურ ანგელოზებს შორის ბალანსი დავარღვიე“

-შობა რა არის თქვენთვის, ანუ ამ დღის თქვენეული ახსნა როგორია?

- შობა სინათლის, სიკეთის, სიახლის, სასწაულის მოლოდინია... თუმცა სიცოცხლეც და მისი ყოველი დღეც ხომ სასწაულია?!. იცით, ასაკში ადამიანს ეწყება იმაზე წუხილი, თუ რა წვრილმანებზე დარდობდა თურმე მთელი ცხოვრება. ეს თოჯინები და ანგელოზები მე სიცოცხლეს მილამაზებენ, ალბათ, სხვებსაც, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მინდა, რომ ამის მჯეროდეს...