საქართველომ ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განახორციელა

2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 203 მილიონი დოლარის ღირებულების 86,2 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანეს
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. 2018 წელს საქართველომ 86,2 მილიონი ბოთლი ღვინოს ექსპორტი განახორციელა - ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, 2018 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 2017 წლის მონაცემებს 13%-ით გადააჭარბა.

„დოქები" რიყის პარკში, შესაძლოა, ღვინის მუზეუმად გადაიქცეს >>

2018 წელს საქართველომ მსოფლიოს 53 ქვეყანაში 203 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაგზავნა - 2017 წელთან შედარებით 20%-ით მეტი.

ყველაზე მეტი ღვინო გატანილია რუსეთში - ლიდერთა ხუთეულში ასევე შედის უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი.

ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკა 2018 წელს

ქვეყანაბოთლების რაოდენობაექსპორტის ზრდა
რუსეთი53 682 627+12%
უკრაინა10 687 835+26%
ჩინეთი6 951 019-8,4%
ყაზახეთი3 599 143+8%
პოლონეთი2 508 122+31%

ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება როგორც ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, ისე ევროპის, აზიის და აშშ-ის მიმართულებით - საანგარიშო პერიოდში ღვინის ექსპორტი სამხრეთ კორეაში გაიზარდა 275%-ით, თურქმენეთში - 196%-ით, დანიაში - 111%-ით, რუმინეთში - 100%-ით, ჩეხეთში - 81%-ით, იტალიაში - 69%-ით, ბულგარეთში - 60%-ით, ნიდერლანდებში - 38%-ით, დიდ ბრიტანეთში - 33%-ით და ა.შ.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ასევე ბრენდის და ჭაჭის ექსპორტი გაიზარდა.

საქართველოდან სპირტიანი სასმელების ექსპორტის სტატისტიკა 2018 წელს

სასმელი ბოთლების რაოდენობაზრდა
ღვინო 86,2 მლნ (0,75 ლ)13%
ბრენდი20 მლნ (0,5 ლ)9%
ჭაჭა0,42 მლნ (0,5 ლ)47%

საერთო ჯამში, ბრენდის, ღვინის, ჭაჭის, ღვინის მასალის, ბრენდისათვის ჩამოსასხმელი ბრენდის და სპირტის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს 306,5 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2017 წლის მონაცემებს 7%-ით აღემატება.