საქართველოს გზებზე კვლავ შეზღუდვები ამოქმედდა

უამინდობის გამო რუსეთისა და თურქეთის საზღვრებისკენ მიმავალ გზებზე აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქარიშხალმა ბათუმში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვები თოვლისა და ლიპყინულის გამო ამოქმედდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, ხოლო მლეთა-გუდაურის (სოფელ ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ქარბუქისა და ნამქერების გამო, ასევე აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36,5-ე კმ მონაკვეთზე. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით, ნათქვამია განცხადებაში.