ბენინის ნაპირებთან მეკობრეების მიერ გატაცებულ მეზღვაურებს შორის ქართველები არ არიან

მეკობრეებმა ტყვედ აიყვანეს რუსეთის ექვსი მოქალაქე - ხომალდ MSC Mandy-ს ეკიპაჟის წევრები
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხომალდ MSC Mandy-ს ბორტზე, რომელსაც გვინეის სრუტეში ბენინის სანაპიროსთან მეკობრეები თავს დაესხნენ, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.

РИА Новости-ს მონაცემებით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ კონტეინერმზიდ MSC Mandy-ზე თავდასხმა 2 იანვრის ღამეს მოხდა. მის ბორტზე რუსეთის 23 მოქალაქე და ერთი უკრაინელი იმყოფებოდა. თუმცა მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

„გემზე, რომელსაც ბენინის ნაპირებთან თავს დაესხნენ მეკობრეები, ქართველები არ ყოფილან“, - განაცხადა იოსელიანმა.

მეკობრეებმა რუსეთის ექვსი მოქალაქე გაიტაცეს.

კვიპროსის სანაპიროსთან ტანკერზე აფეთქებისას ქართველი იმყოფებოდა >>

ამჟამად ნიგერიასა და ბენინში მდებარე რუსეთის საელჩოები მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურების ადგილსამყოფელის დადგენის და მათი უსწრაფესი გათავისუფლების მიზნით ადგილობრივ პოლიციას ეკონტაქტებიან.