სამედიცინო ტურიზმი საქართველოში – სტომატოლოგიიდან პლასტიკურ ქირურგიამდე

საქართველოს სამედიცინო და გამაჯანსაღებელ ტურიზმში პერსპექტივები აქვს, აცხადებს ქვეყნის პრემიერ–მინისტრი
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ქვეყნის სამედიცინო ტურიზმში დიდ მომავალს ხედავს, ამის შესახებ მან 2018 წლის ვიზიტორების სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაციის დროს განაცხადა.

2018 წელს ქვეყანამ  8,6 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი მიიღო, რაც 9,8%–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობამ 4,7 მილიონზე მეტს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,9%–ით მეტია.

„საქართველოს აქვს დიდი მომავალი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით. ამ მხრივ უკვე არჩეული გვაქვს კონკურენტუნარიანი მიმართულებები, როგორებიც არის სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და კარდიოლოგია. ამ პაკეტის დამუშავებას განვაგრძობთ, რათა არსებული შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დამატებითი ზრდა შემოვიტანოთ ჩვენს ტურისტულ სექტორში“, – განაცხადა ბახტაძემ.

რამდენი უცხოელი ეწვია საქართველოს 2018 წელს – ახალი რეკორდი

სამედიცინო ტურიზმთან ერთად, საქართველოს პერსპექტივა აქვს გამაჯანსაღებელ ტურიზმშიც, აღნიშნა ბახტაძემ. მისი თქმით, საქართველოში 183 გამაჯანსაღებელი კურორტია დარეგისტრირებული.

„ჩვენ გვჭირდება განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში და განსაკუთრებით საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური და პრიორიტეტული იყო“, – განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაზე, აღნიშნა პრემიერმა.

„უკვე რამდენიმე წელია, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთგვარ ლოკომოტივად იქცა, რომელიც ხელს უწყობს მომიჯნავე დარგებში ახალი ინვესტიციებისა და იდეების მოზიდვას. იცით, რომ ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინკლუზიურ ზრდას, ანუ ისეთ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს ყველა მოქალაქეს“, – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროს ძირითადი გამოწვევა დაასახელა

ბახტაძის თქმით, ტურიზმის სექტორია სწორედ ეკონომიკის ის სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ინკლუზიურ ზრდას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში, ხოლო ამ ბიზნესების განვითარების გარეშე შეუძლებელია ყველაზე უფრო მტკივნეული ეკონომიკური გამოწვევის დაძლევა, როგორიცაა სიღარიბე. 

პრემიერი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის განვითარებას.

„საქმიანი ტურიზმის სექტორი ორიენტირებულია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე, ამასთან ერთად, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას, ცოდნის გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ბახტაძემ.

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ტურისტულ, სატრანსპორტო და ინტელექტუალურ ცენტრად გარდაქმნას გეგმავს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა.