თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საქართველომ ახალი რეკორდი დაამყარა – 2018 წელს ქვეყანამ 8,6 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი მიიღო, რაც 9,8%–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტურიზმის სფეროში გასული წლის სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაცია პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გამართეს.
ტურისტების რაოდენობამ 4,7 მილიონზე მეტს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,9%–ით მეტია.
„ვიზიტორები საქართველოშ ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა ეს გახლავთ საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი... საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ადგილი მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე“, – აღნიშნა ბახტაძემ პრეზენტაციაზე,
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა კორეადან (+112%), ჩინეთიდან (+75%), ბელარუსიდან (+43%), ისრაელიდან (+36%), ყაზახეთიდან (+25%) და აშშ–დან. (+25%).
წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი შეადგენს სამ მილიარდ დოლარს (ზრდა +19.3%), რაც 485 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენს 7,6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია.
2018 წელს საქართველო მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ სახელმწიფოდ დასახელდა.
საერთაშორისო კვლევითი პორტალ Numbeo–ს მონაცემებით, 2018 წელს საქართველომ 125 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილი დაიკავა.
2018 წელს შეიქმნა ახალი ვიდეო – Emotion Are Georgia. საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის რეკლამირების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის მანძილზე წამატებით იყენებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და პოპულარულ პლატფორმებს და ტელეკომპანიებს: Facebook, Tripadvisor, National Geographic, Expedia და Lonely Planet. Euronews, CNN და BBC.
გასულ წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 163 პრეს–ტური და 24 გაცნობითი ტური ჩაატარა. საქართველოს დაახლოებით 800–მდე ჟურნალისტი და 300–მდე ტურ-ოპერატორი ეწვია. ამასთან, მომზადდა 1000-ზე მეტი სტატია და 200-ზე მეტი სიუჟეტი.
საქარველოს შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ მაღალრეიტინგულ და გავლენიან გამოცემებში, როგორიცაა Conde Nast Traveller, Forbes, NewYork Times, The Telegraph, National Geographic, Liberation, Deutsche Welle, Vogue და ა.შ.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, გრძელდება პროექტი „გაიცანი საქართველო“. პროექტის ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მხარეში 40-მდე პრეს–ტური მოეწყო და 200-ზე მეტი სიუჟეტი მომზადდა.