„დიდი მადლობა თქვენი სიყვარულისა და ზრუნვისთვის“ – ირაკლი კობახიძემ პატრიარქს მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას 41 წელია მართავს, დაბადებიდან 86 წელი შეუსრულდა
Sputnik

თბილისი,  4 იანვარი – Sputnik.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა და მას ხალხისთვის სამაგალითო უწოდა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს დღეს 86  წელი შეუსრულდა.

„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ქართველ ერს წილად ხვდა განსაკუთრებული პატივი, რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელად და სულიერ წინამძღოლად თქვენ მოევლინეთ და ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ქვეყანაში მძიმე დროება იდგა. თქვენ, აღსაყდრებიდან 41 წლის თავზე, ისევ ისე დაუღალავად, მამაშვილური სიყვარულითა და მზრუნველობით, იღწვით ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ. თქვენ მაგალითს გვაძლევთ ყველას და შთააგონებთ ადამიანებს, გახდნენ უკეთესები და წრფელი სიყვარულით უყვარდეთ სამშობლო და ერთმანეთი. დიდი მადლობა თქვენი სიყვარულისა და ზრუნვისთვის", - განაცხადა კობახიძემ. 

ილია II: უფალი ხშირად გვეხმარება, ჩვენ კი მადლობას არ ვწირავთ მას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 

1952 წელს ილია მეორემ ვლადიკავკაზის № 22–ე საშუალო სკოლა, 1957 წელს მოსკოვის სასულიერო სემინარია და 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა.  24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა. 

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს 86 წლის გახდა

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

საქართველოში 2017 წლის 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 40 წლის იუბილე იზეიმეს. მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია აღევლინა.

ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაშია 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსი პატრიარქის ჩათვლით და ორ ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია.