ქორიძე შეწყალების კომისიას ტოვებს

საქართველოს ახალი პრეზიდენტი შეწყალების სახელმწიფო კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას გეგმავს
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. პრეზიდენტთან არსებული შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თავმჯდომარე ეკა გიგაურმა და კომისიის კიდევ რამდენიმე წევრმა.

სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ სამი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე კომისიას 2014 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე ის მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების სახელმწიფო ომისიის ახლებურად დაკომპლექტებას გეგმავს. შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. შეწყალების კანდიდატების სიას მას სახელმწიფო კომისია შემოსული განცხადებების შესწავლის შემდეგ წარუდგენს.

კანონის მიხედვით, შეწყალების უფლება აქვთ პირებს, რომლებმაც მოიხადეს პატიმრობის ვადის ნახევარი, მისჯილი აქვთ 5 წელზე მეტი სსკ–ის ორი ან მეტი მუხლით; ასევე პირებს, რომლებმაც მოიხადეს ვადის მესამედი, გასამართლებული არიან ერთი მუხლით და მათი პატიმრობის ვადა ხუთ წელზე ნაკლებია.