სისხლიან გარჩევას თიანეთში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Sputnik

თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. ორი ადამიანია მოკლული და ერთი დაჭრილი დაბა თიანეთში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 „სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. დანიშნულია ექსპერტიზები“, – აღნიშნეს სამინისტროში.

ქალი, რომელმაც 74 წლის ქალი საყურის გამო მოკლა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაიით, მკვლელობა ოლეგ შუშანაშვილის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. სავარაუდოდ, ჩხუბი სახლში დაიწყო და ეზოში გაგრძელდა. მოკლულია ოლეგ შუშანაშვილი და მისი მეზობელი.

ოლეგ შუშანაშვილის ძმა გოჩა შუშანაშვილი მის ძმასა და მეზობლებს შორის კონფლიქტს გამორიცხავს.

რადგან დაპირისპირება თიანეთის საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა, დაჭრილი საავადმყოფოში დახმარების სათხოვნელად თავად მივიდა. ექიმების თქმით, ის, სავარაუდოდ, სანადირო თოფითდან განხორციელებული გასროლის შედეგად არის დაჭრილი. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაჭრილ მამაკაცს ექიმებისთვის არ უთქვამს, რომ შემთხვევის ადგილზე სხვა დაჭრილებიც იმყოფებოდნენ.

ტელეკომპანიის ცნობით, ამ დრომდე უცნობია მკვლელობის მოტივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა თიანეთში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო.