საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

ადრე საქართველოში ბავშვებს აცრები მშობლების სურვილის შედეგად უტარდებოდათ
Sputnik

თბილისი,  2 იანვარი  — Sputnik.  საქართველოში წლის დასაწყისიდან ბავშვთა ვაქცინაცია აუცილებელი ხდება.

პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები კანონში 2018 წლის შემოდგომაზე მიიღო. 

ცვლილებები ჯანდაცვის კანონში: პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო ხდება

 „დღეისათვის საქართველოში იმუნიზაციის დონე არასაკმარისია. სავალდებული იმუნიზაციის დანერგვა აუცილებელია ვაქცინაციის გაუმჯობესებისა და სწრაფი შედეგების მიღებისთვის“, – ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.

ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, თუმცა, პედიატრების რეკომენდაციის მიუხედავად, მშობლების ნაწილი სხვადასხვა მოსაზრების გამო თავს არიდებს ბავშვების აცრას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად ინფექციური დაავადებებით 14 მლნ ადამიანი იღუპება, რომელთაგან ნახევარზე მეტი 5 წლამდე ბავშვია.


საქართველოში აცრების ეროვნული კალენდარი 10 ვაქცინას მოიცავს. ბავშვები იცრებიან B ჰეპატიტზე, დიფტერიაზე, ტეტანუსზე, ყივანახველაზე, წითელაზე, წითურაზე, ყბაყურაზე, პოლიომიელიტზე, როტავირუსულ ინფექციაზე და ა.შ.