მიზნის მისაღწევად საჭიროა... როგორ დავსახოთ და შევასრულოთ მიზნები მომავალი წლისთვის

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია საჯარო მმართველობის დოქტორი, NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ასოცირებული პროფესორი, ლიდერობისა და პიროვნული განვითარების ტრენერი ნათია ქოიავა.
Sputnik
მიზნის მისაღწევად საჭიროა... როგორ დავსახოთ და შევასრულოთ მიზნები მომავალი წლისთვის

ბევრი გვსმენია მიზნების დასახვის მნიშვნელობაზე, მაგრამ ბევრ ჩვენგანს არ აქვს კონკრეტული და გაზომვადი მიზნები, რომლის მიღწევაზეც უნდა იმუშაოს. ნებისმიერი გზა მიგიყვანს სადღაც, თუკი არ იცი სად მიდიხარ... მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია მიზნები და როგორ შეგვიძლია გავხადოთ მათი მიღწევის გზები ეფექტური? 

იმისათვის, რომ ადამიანმა სწორი მიზნების დასახვა შეძლოს, საჭიროა, პირველ რიგში, იპოვნოს ცხოვრებისეული მისია, ცხოვრების საზრისი. სამწუხაროდ, ადამიანები ისე მიდიან ხოლმე ამქვეყნიდან, რომ საკუთარ მისიას ვერ პოულობენ. დროს არ უთმობენ საკუთარი თავის შეცნობას, ძლიერი მხარეების აღმოჩენას, დანიშნულების პოვნას, მისიისა და მისგან გამომდინარე მიზნების განსაზღვრას. ჩვენი მიზნები სწორედ საბოლოო დანიშნულების ადგილიდან, ანუ ჩვენი მისიიდან გამომდინარეობს და მისი შესრულებისკენ არის მიმართული. როცა ზუსტად იცი შენი საბოლოო დანიშნულების ადგილი, ასეთ შემთხვევაში ადვილია სწორი არჩევანის გაკეთება სხვადასხვა საქმიანობას შორის, ადვილია „არას“ თქმა ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებზე, რაც სინამდვილეში ნიშნავს „კის“ თქმას უფრო მეტად მნიშვნელოვან საქმეებზე. არსებობს ასეთი გამოთქმა, „ვინც არ იცის, საით გასცუროს, მას ზურგის ქარიც არ ეხმარებაო“. ამ გამოთქმას ასე შევაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ როცა ზუსტად იცი, რა გინდა, საით მიდიხარ, გარდა ამისა, შენი მისია არის კეთილშობილური და ემსახურება საყოველთაო სიკეთეს, გამართლება და იღბალიც შენს მხარეს არის, სამყაროც გეხმარება, რომ დანიშნულების ადგილამდე მიხვიდე.

დროის მენეჯმენტი – როგორ „ჩავეტიოთ დროში“

დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ცვლილებებით და გამოწვევებით, ადამიანები ხშირად ჩივიან იმის გამო, რომ უამრავი რამ აქვთ მოსასწრები, დაკავებულები არიან, აღარ იციან, საიდან დაიწყონ და ა.შ. ბევრს საუბრობენ დროის მენეჯმენტზე, ბალანსზე მუშაობა-დასვენება-გართობას შორის, სამსახურსა და ოჯახს შორის და ა.შ. სინამდვილეში, მთავარია ვისწავლოთ არა დროის, არამედ - საკუთარი თავის მართვა, საკუთარ თავში დავლაგდეთ და ჩვენს ცხოვრებაშიც, ყველაფერი დომინოს პრინციპით დალაგდება.

როცა სადმე მიემგზავრებით და ჩემოდანს ალაგებთ, ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ როცა ტანსაცმელს კარგად კეცავთ, ჩემოდანში გაცილებით მეტი ეტევა, ვიდრე მაშინ, როცა ტანსაცმელს უწესრიგოდ ყრით. ასევეა ცხოვრებაშიც. რაც უფრო კარგად ხარ ორგანიზებული და მოწესრიგებული, მით მეტის გაკეთებას ასწრებ, მეტ დროს უთმობ ოჯახს, მეგობრებს, საკუთარ თავს, და ზოგადად - ყველაზე მთავარ საქმეებს.

ფსიქოლოგი: როგორ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ნდობა ურთიერთობებში

როგორ ხდება მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა?

ალბათ ყველას გინახავთ „დიდი ქვების ექსპერიმენტის“ ვიდეო, სადაც წამყვანი ექსპერიმენტის მონაწილეს უდგამს ქვიშით სავსე გამჭვირვალე ჭურჭელს და სთხოვს, მასში დიდი ქვები მოათავსოს, ისე, რომ ჭურჭელში ქვიშაც მთლიანად დარჩეს. ცხადია, დიდი მცდელობის მიუხედავად, მოხალისე ამის გაკეთებას ვერ ახერხებს. ამის შემდეგ, წამყვანი მოხალისეს აწვდის იმავე ზომის ცარიელ ჭურჭელს და სთავაზობს მას, მოიფიქროს განსხვავებული მიდგომა, რომლის საშუალებითაც ის შეძლებს ქვიშის და დიდი ქვების ერთ ჭურჭელში მოთავსებას. ექსპერიმენტი იმით სრულდება, რომ მოხალისე ჭურჭელში ჯერ დიდ ქვებს ალაგებს, შემდეგ მეორე ჭურჭლიდან აყრის ქვიშას, რომელიც დიდ ქვებს შორის დარჩენილ ადგილებს მთლიანად ავსებს და ჭურჭელშიც თავისუფლად თავსდება. გასაგებია, რომ დიდი ქვები გამოხატავს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს, ქვიშა კი ყველა დანარჩენი, ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებია. ამ ექსპერიმენტის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ მნიშვნელოვან საქმეებს პირველ რიგში არ გააკეთებ, მაშინ, შესაძლოა, მათთვის დრო არასოდეს დაგრჩეს.

რას ნიშნავს იცხოვრო ისე, რომ დატოვო კვალი...

ზოგადად, დამგეგმავის შევსება ყოველი კვირის ბოლოს არის რეკომენდირებული, მომდევნო კვირისთვის. იმ შემთხვევაში, როცა მომდევნო წელს გასაკეთებელი მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა გსურთ, წლის ბოლოს, გამონახეთ თავისუფალი დრო, სასიამოვნო და მშვიდ გარემოში განმარტოვდით და დაფიქრდით, რისი გაკეთება გსურთ მომდევნო წელს. ჰკითხეთ თქვენს თავს, რა არის ის მნიშვნელოვანი საქმეები, რაც გინდათ, რომ მომდევნო წლის განმავლობაში მოასწროთ. მკაცრად განსაზღვრეთ დრო თქვენი „დიდი ქვებისთვის“, ე.ი. მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. მიუთითეთ მათი განხორციელების კონკრეტული თარიღები. თუ ამას გააკეთებთ, აღმოაჩენთ, რომ მათ შორის ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმიანობებიც თავისუფლად მოთავსდება და კიდევ გამოგითავისუფლდებათ დრო, რომელიც შეგიძლიათ სურვილისამებრ დაუთმოთ დასვენებას, გართობას, მეგობრებს და ა.შ. არ იფიქროთ, რომ დაგეგმვის ამგვარად წარმოება რამენაირად შეზღუდავს თქვენს ცხოვრებას და თავისუფლებას წაგართმევთ. პირიქით, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, თუკი ამის მიხედვით იმოქმედებთ, აღმოაჩენთ, რომ რაც მეტად დაკავებული ხართ, მით მეტი დრო გაქვთ. სინამდვილეში, დრო ზუსტად იმდენი გვაქვს, რამდენიც გვჭირდება. უბრალოდ, მას არარაციონალურად ვიყენებთ.
რატომ არის აუცილებელი მიზნების ქაღალდზე გადატანა?

ადამიანები იმდენად არიან ბედნიერები, რამდენადაც ამას თავად გადაწყვეტენ

რომ როგორც ამბობენ, დაუწერელი მიზანი მხოლოდ სურვილია, ხოლო ქაღალდზე გადატანილ მიზნებს 10–ჯერ მეტი ძალა აქვს. მიზნების დასახვისას, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი კრიტერიუმები:

მიზანი უნდა იყოს:

-კონკრეტული (გამორიცხეთ ყველა სახის ზოგადი ფორმულირება. მაგ., ვიყო დასაქმებული ამა და ამ კომპანიაში, ამა და ამ თანამდებობაზე და არა - მქონდეს კარგი სამსახური);

-გაზომვადი (როგორ მივხვდები, როცა ამას მივაღწევ? ე.ი. რას ვიგრძობ, თავს როგორ ვიგრძნობ და ა.შ.)

-რეალისტური/მიღწევადი (შეესაბამებოდეს ადამიანის საჭიროებებს და რესურებს/შესაძლებლობებს);

-დროში განსაზღვრული (განსაზღვრეთ მიზნის მიღწევის ბოლო ვადა, კონკრეტული თარიღის მითითებით, მაგ., 2019 წლის 15 სექტემბერს, და არა - მალე, რამდენიმე თვეში და ა.შ.);

-უპასუხეთ შეკითხვას: რისთვის მინდა ამ მიზნის მიღწევა? (მოტივაცია, ღირებულებები, ემოციები და ა.შ.)

დავძლიოთ შემზღუდველი პარადიგმები და გავზარდოთ საკუთარი თავის რწმენა

და ბოლოს, მიზნისკენ მიმავალი გზა ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი არ არის. ამ გზაზე შეიძლება უამრავი დაბრკოლება, რისკი, სიძნელე შეგვხვდეს და მარცხიც ბევრჯერ ვიგემოთ. ყოველთვის გახსოვდეთ: „არ არსებობს მარცხი, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი“. ჩვენ უნდა შევძლოთ მარცხის, უარყოფითი გამოცდილების შემდეგ ფეხზე წამოდგომა და გზის გაგრძელება. მტკიცე შინაგანი ბუნება არის თვითდისციპლინა, რომ განვაგრძოთ მიზნისკენ სვლა მას შემდეგაც კი, რაც ის სულისკვეთება გაივლის, რომელშიც ეს მიზანი დაისახა.

ბედნიერ და წარმატებულ 2019-ს გისურვებთ!