ბათუმში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა

ექიმების განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
Sputnik

თბილისის, 1 იანვარი – Sputnik. ბათუმში პიროტექნიკით რვა ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დაშავებულებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. როგორც ექიმები აცხადებენ, მათ დაზიანებები ხელებისა და სახის არეში აღენიშნებათ.

მედიკოსების ცნობით, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სავალალო შედეგის ასაცილებლად: რა უნდა იცოდეთ პიროტექნიკის გამოყენების შესახებ

გვიან ღამით ევროპის მოედანზე საშობაო გალა კონცერტი მიმდინარეობდა. ოთხი ადამიანი სწორედ კონცერტის დროს დაშავდა. დაშავებულებს  შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

გავრცელებული ინფორმაციით, პიროტექნიკამ, რომელიც ზუსტად ახალი წლის დადგომისას გაუშვეს, მიმართულება შეიცვალა და მაყურებლებისკენ დაიწყო გასროლა.

დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები, ამაზე კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

დაეთანხმება თუ არა პარლამენტი არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვას>>

საქართველოში მალე არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვა აიკრძალება. კანონპროექტის თანახმად, კომპანია 200 ლარით, ფიზიკური პირი კი 100 ლარით დაჯარიმდება. თუ წლის განმავლობაში კონკრეტული კომპანია კანონს ხელმეორედ დაარღვევს, ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 400 ლარამდე გაიზრდება, ფიზიკური პირის შემთხვევაში კი – 200 ლარამდე.