კულინარიული შეჯიბრება და თოვლის ბაბუა: საახალწლო ფესტივალი ზუგდიდში

მთელი დღის განმავლობაში ფესტივალზე სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. ბაზრობა და მხიარული გასართობი პროგრამა ელის სტუმრებს ზუგდიდის საახალწლო ფესტივალზე, რომელიც კვირას გაიმართება.

ღონისძიებაზე დაგეგმილია ხალხური რეწვის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას მთელი რეგიონის ოსტატები მიიღებენ. ბაზრობაზე სტუმრებისთვის წარმოდგენილი იქნება საახალწლო საჩუქრები, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები და სხვ.

წინასაახალწლოდ მატარებლების რეისების რაოდენობა იზრდება

ფესტივალზე გაიმართება კონცერტები, სადაც წარდგებიან სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლები, ვოკალური კოლექტივები, მუსიკალური ბენდი Under 7. გაიმართება კულინარიული ფესტივალი გემრიელი დეგუსტაციებით. ბავშვებს დამდეგ ახალ წელს მიულოცავს თოვლის ბაბუა და საყვარელი მულტფილმების პერსონაჟები.

საახალწლო ფესტივალი ქალაქის სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე 13:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე გასტანს. დასწრება ყველასათვის თავისუფალია.

ღონისძიება გაიმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რეგიონული მუნიციპალიტეტის ინიციატივით.