თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციამ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, პანამის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი ULTRA LYNX დააკავა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გემ ULTRA LYNX-ის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 ათასი ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
რაც შეეეხება გემის კაპიტანს, რომელიც ინდონეზიის მოქალაქეა, მის მიმართ საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
ნაოსნობის რომელი წესი დაარღვია პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, უწყებაში არ აკონკრეტებენ.