სოფელ ჩიბათში სკვერი-ბიბლიოთეკა გაიხსნა

ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო 50 მასწავლებელს შორისაა
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში სკვერი-ბიბლიოთეკა გაიხსნა, აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინელ ბავშვებს ქართულ ზღაპრებს წაუკითხავენ

სკვერი-ბიბლიოთეკა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გახსნა.

„ამას წინათ შესანიშნავ მასწავლებელს, ლადო აფხაზავას, შევპირდით და აი, სოფელ ჩიბათში ვართ. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ ბრწყინვალე მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სკვერის ბიბლიოთეკა მოაწყო“, - წერს კეკელიძე საკუთარ Facebook-გვერდზე.

გიორგი კეკელიძე საჯარო ბიბლიოთეკის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში სკოლებს ამარაგებს წიგნებითა და კომპიუტერებით, ხოლო უცხოეთში ქართულ დიასპორებთან ხსნის ბიბლიოთეკებსა და ქართული ლიტერატურის კუთხეებს.

რაც შეეხება სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ვლადიმერ (ლადო) აფხაზავას, ის 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“  (The Global Teacher Prize) 2019 ფინალში გავიდა და მსოფლიოს საუკეთესო 50 მასწავლებელს შორის მოხვდა.

„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყოველწლიურად Varkey Foundation-ის მიერ  1 მლნ  აშშ დოლარი გადაეცემა მასწავლებელს, რომელმაც ამ პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

2017 წელს აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მოიპოვა, რამაც მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize. წელს ამ პრიზისთვის აფხაზავას გარდა კიდევ 49 ფინალისტი იბრძოლებს.