თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით რუსთავში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აქციის მონაწილეთა პროტესტი რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობის გაძვირებამ გამოიწვია. ისინი ძველი ტარიფის დაბრუნებას და კომპანიისგან „ინტერ ტრანსი“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ. მომიტინგეების განცხადებით, გაზრდილი ტარიფი არ შეესაბამება კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხის დაბალ დონეს.
რუსთავის საკრებულოს წევრის, ამირან ჯანჯღავას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, მათ შორის ამოქმედდება შესაბამისი სანქციები კომპანიის წინააღმდეგ.
რუსთავი-თბილისს შორის მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრით დღეს გაძვირდა და 2 ლარი გახდა. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, რომ საფასური მძღოლებმა თვითნებურად გაზარდეს და მერიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.