მეოცნებე ელიოზის სინდრომი... ან სასწაულის მოლოდინში...

რა აფერხებს ქართული ეკონომიკის განვითარებას და წლიდან წლამდე რატომ რჩება მთავარ გამოწვევად სიღარიბის დაძლევა, არსებობს თუ არა ეკონომიკური "აფეთქების ნაღმი" და ვისი გამოცდილება შეიძლება იყოს მისაღები?
Sputnik

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიაში, ყურადღებას, ჩვენი დროების მარადიულ მოლოდინზე გავამახვილებ ყურადღებას. მოსახლეობა წლიდან წლამდე  მუდმივად ეკონომიკურ სასწაულს ელის. თუმცა ყოველი განვლილი წლის შეჯამებისას ხელისუფლება გვეუბნება, რომ მთავარ გამოწვევად კვლავ სიღარიბესთან ბრძოლა რჩება. ლოგიკურია კითხვა, რატომ ვერ შეძლო საქართველომ მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკურ ზრდაში და როგორ შეძლეს ეს თავის დროზე დღეს უკვე განვითარებულმა ქვეყნებმა? ვცადოთ ანალიტიკოსების  მონაწილეობით ვუპასუხოთ დასმულ კითხვას.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად, საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების თანმიმდევრულად გატარება. სახელმწიფომ უნდა შევასრულოს რამდენიმე პირობა...

„ნიჭი, ძამიკო, ნიჭი“... ანუ გაცოცხლებული მევალეები

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „პირველ რიგში, აუცილებელია შევთანხმდეთ, რა გვინდა,  მეტ-ნაკლები თანასწორობა სიღარიბეში თუ განსხვავება სიმდიდრეში? საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის ნეგატიური დამოკიდებულება შეძლებული და წარმატებული ადამიანების მიმართ. დააკვირდით სოციალურ ქსელებს და ნახავთ, რამდენი აგრესია, შური, ცილისწამება და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის შეძლებულ ადამიანებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან არ არის ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ საზოგადოების წევრები განსხვავებულ ფუნქციას შევასრულებთ, შემოსავალიც განსხვავებული გვექნება და ეს განსხვავება იქნება სიმდიდრეში და არა როგორც ახლა გვაქვს – სიღარიბესა და გაჭირვებაში... მეორე ამოცანაა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიისა და პატრიოტიზმის გაძლიერება. გვჭირდება ერთობა ცენტრისტული ინტერესების და არა პარტიკულარული ნიშნით. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაცნობიერებას, რომ ძლიერი სახელმწიფო ყველას ინტერესშია, და ეს არანაკლებ ეფექტს მოიტანს ეკონომიკაში, ვიდრე პატრიოტული ლექსების სწავლება სასკოლო პროგრამებში აღმზრდელობითი თვალსაზრისით. მესამე და აუცილებელი პირობაა კანონის აბსოლუტური უზენაესობა. სამწუხაროდ, ესეც სიტყვის მასალად დახურდავდა და ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, რომ იმის მიხედვით, თუ ვინ არის დასასჯელი და ვინ მსაჯული, შესაძლოა სრულიად განსხვავებული შედეგები და პასუხისმგებლობა დადგეს...“ 

ყურადღებით! ანუ როცა არ გვისესხია და მაინც ვისტუმრებთ...

სპეციალისტთა და ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ეკონომიკური წარმატებისკენ მიმავალი გზა განათლებასა და მეცნიერებაზე გადის...

ანალიტიკოსი სოსო არჩვაძე: „საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე განათლებაზე დახარჯული მთლიანი შიდა პროდუქტის წილით 195 ქვეყანას შორის 133-ე ადგილი უკავია. მეცნიერებამ კი ჩვენში დაკარგა პრესტიჟი. ასე ეკონომიკა ვერ განვითარდება. თუ გვინდა, რამეს მივაღწიოთ და მხოლოდ მომსახურების და ტურიზმის შეთავაზების ქვეყნად არ დავრჩეთ, მეცნიერებამ თავისი პრესტიჟული ადგილი უნდა დაიბრუნოს და ამ მიმართულებით ინვესტირება უნდა მოხდეს. სიღარიბე მხოლოდ განათლებით დაიძლევა...“ 

ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ არ შეიძლება ტურიზმი იყოს მთავარი პრიორიტეტი. ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი კატალიზატორია რეალური სექტორი. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ინვესტიციას სოფლის მეურნეობაში, თუ ის რომელიმე წარმოებაში, ფაქტობრივად, მესაკუთრის შეცვლას გეგმავს, ქვეყნისთვის ეკონომიკური გარღვევის ეფექტი არ ექნება. ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, რაც შეიძლება მაღალტექნოლოგიურ სფეროში. ასე შევძლებთ შიდა ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილებასა და ექსპორტზე გასვლას.

ახალი საკრედიტო მენიუ, ანუ რა მოჰყვება განულებას?

საქართველომ უცხოელ ინვესტორებს თავისუფალი ეკონომიკური და ინდუსტრიული ზონები შესთავაზა. საინტერესოა, რატომ არ დააინტერესდნენ ტექნოლოგიური გიგანტები?

დემურ გიორხელიძე: „ტექნოლოგიურ გიგანტებს მხოლოდ მანქანა-დანადგარების ჩამოტანა და მათი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განთავსება არ უნდა შევთავაზოთ. წარმოების ასამუშავებლად შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები სჭირდებათ. თუ ისევ უცხოეთიდან ჩამოვიყვანთ სამუშაო ძალას, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენთვის მაღალტექნოლოგიური წარმოების გადმოტანას. შეგახსენებთ, როცა ნავთობსადენი შენდებოდა, საქართველოში კვალიფიციური შემდუღებლები ვერ ნახეს და პაკისტანიდან ჩამოიყვანეს. ფუნქციონალური გაუნათლებლობა და დაბალი კვალიფიკაცია არის ჩვენი განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი...“

თანამედროვე მსოფლიოში თავისუფალი კაპიტალი სულ უფრო და უფრო ნაკლებია, ამიტომაც, ინვესტიციების შემოტანა გართულდება. წინა წელთან შედარებით მესამე კვარტალში თითქმის  მესამედით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები...

სოსო არჩვაძე: „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საქართველოდან 1990-იან და 2000-იან წლებში გატანილი კაპიტალის რეპატრიაციაზე. ოფშორულ ზონებში დაბინავებული კაპიტალი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და ადგილობრივ ინტერესებს ემსახუროს. ეს არ არის ერთი და ორი მილიარდი, გაცილებით დიდი თანხაა. უნდა შევუწყოთ ხელი ამ კაპიტალის მფლობელებს, რომ ეს ფული ქვეყნის ინტერესებში აამოქმედონ...“

„გათეთრებულთა“ ხვედრი... ანუ რას დაეყრდნობა საბანკო ვერდიქტი

დარგის სპეციალისტების მოსაზრებით, ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მისი დემონოპოლიზაცია, საფონდო ბაზრის განვითარება, რაც საკმაოდ პრობლემურია ჩვენთან, წვრილი აქციონერების განვითარება და მესაკუთრეთა კლასის გაძლიერება. ეს კომპონენტები თუ ერთად მოიკიდებს ფეხს და არა წყვეტილად, მაშინ გვექნება შესაძლებლობა ამ პროცესის დაწყებიდან მალე ვილაპარაკოთ ახალ ქართულ ეკონომიკურ სასწაულზე.

მსოფლიოში ეკონომიკური წარმატების ბევრი მაგალითი არსებობს, მაგრამ რომელიმე ერთი მოდელის პირდაპირ გამეორება შეუძლებელია, რადგან ყველა ქვეყანას თავისი უნიკალური სტრუქტურა, სპეციფიკა, გამოცდილება და მენტალიტეტი აქვს. თუმცა შეგვიძლია ცალკეული ელემენტები გადმოვიღოთ და ჩვენი ეკონომიკის განვითარებას მოვარგოთ.

შედგება თუ არა ეკონომიკის სწრაფი განვითარების ქართული მოდელი? პასუხი ამ კითხვაზე დროს მივანდოთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მზა რეცეპტი არ არსებობს, და უნდა ვეძიოთ...