თბილისში საცხოვრებელი ფართი 34 დევნილ ოჯახს გადაეცემა

იმ შემთხვევაში, თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართს გამოისყიდის და დევნილებს გადასცემს
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, გუდამაყრის ქუჩაზე 34 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრომ დევნილთა საცხოვრებელი შენობა კერძო მესაკუთრისგან 1,2 მლნ ლარად გამოისყიდა და ფართები უახლოეს მომავალში 34 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა.

„დევნილი ოჯახები გუდამაყრის ქუჩაზე წლებია ცხოვრობენ, შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც მათთვის ბინების დაკანონება შეუძლებელი იყო", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

უწყების ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებს საკუთრებაში კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული 1, 6-მდე ბინა გადასცა. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე კი საცხოვრებელი ფართი ჯამში 17 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა.

იმისთვის, რომ მოხდეს დაკანონება ან ახალი ფართების მიღება, დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართონ.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართს გამოისყიდის და დევნილებს გადასცემს.