ხატვით „დაწერილი“ ამბები და ნოსტალგია დაკარგულ სამოთხეზე

Sputnik

ბავშვობიდან აკვიატებულ აზრს ადამიანი ხშირად ოცნებად გაიხდის ხოლმე და შუქურასავით მიყვება მას, ზოგჯერ კი ცხოვრება ყველაფერს თავისი სცენარით წაიყვანს, შენ უბრალოდ მორჩილად მიყვები დინებას და აღარც გახსოვს გზის დასაწყისში რაზე ოცნებობდი...

ელზა აკობია პროფესიით ფარმაცევტია, გუდაუთაში დაიბადა და გაიზარდა. 11 წლის განმავლობაში ფარმაცევტულ სფეროში საქმიანობდა. არის ორი წიგნის თანაავტორი: “ცნობარი სამკურნალო საშუალებების სახელწოდების შესახებ" და "ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტები". ამის მიღმა ცხოვრებამ ბევრი ტკივილი და სიხარული ჩაუსაფრა, რისი გამოხატვაც ფანქრითა და ნახშირის წკირით თავისებურად შეძლო...

ხატვით „დაწერილი“ ამბები და ნოსტალგია დაკარგულ სამოთხეზე

-ქალბატონო ელზა, ბავშვობიდან ხატავთ და ყველა ნახატს თურმე ჩანაწერს ურთავდით...

- ბავშვობიდან ვხატავ და ხატვის პროცესი განსაკუთრებით შვებას მგვრიდა. ჩემს სულიერ განწყობას ყველაზე გულწრფელად ხატვის დროს გადმოვცემდი. როგორც მეუბნებოდნენ საკმაოდ კარგად ვხატავდი, ბავშვობაში დაახლოებით 200-მდე  ნახატი მქონდა შესრულებული. ჯერ ვხატავდი და შემდეგ მასზე ჩანაწერს ვაკეთებდი, ზოგჯერ უფროსებს უჭირდათ იმის დაჯერება, რომ ეს ბავშვის ჩანაწერები იყო. იმდენად შეუსაბამოდ ჩანდა ნახატის ფილოსოფიური ახსნა ბავშვის აზროვნებასთან შედარებით. მე კი ჩემი მხრიდან ის არ მესმოდა მათ რატომ უკვირდათ. მეგონა ჩემი თანატოლებიც ასევე უღრმავდებოდნენ ადამიანისა და სამყაროს არსს. მართლაც საკმაოდ საინტერესო ნახატები და ჩანაწერები მქონდა, მათ დიდი სიმოვნებით გადავათვალიერებდი, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ეს ჩანაწერი და ნახატი როგორც ჩემი ბედნიერი ბავშვობა ულმობლად შთანთქა ომმა…

ხატვით „დაწერილი“ ამბები და ნოსტალგია დაკარგულ სამოთხეზე

- ომმა თქვენი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო და რამდენადაც ვიცი მას მერე არაფერი შეგიქმნიათ, ხატვის ხელახლა დაწყების სტიმული რა გახდა?...

- იყო პერიოდი, როდესაც მეგონა, რომ ცხოვრებამ აზრი სამუდამოდ დაკარგა… ეს  მამაჩემის მოულოდნელ გარდაცვალებას უკავშირდებოდა. ეს ყველაზე უმძიმესი ტრაგიკული დარტყმა იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი სამყარო თავზე დამეცა. აღარც კარიერა მაინტერესებდა და არაფერი... მამის სიკვდილმა ფაქტიურად ცხოვრების სტიმული დამაკარგა. მისი სიამაყით და სიხარულით გაბრწყინებული თვალები იყო ჩემი ჯილდო, ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია, მის სიკვდილთან ერთად თითქოს ჩემი მიზნებიც სამუდამოდ დაიმსხვრა.

ხატვით „დაწერილი“ ამბები და ნოსტალგია დაკარგულ სამოთხეზე

- რამ შეცვალა თქვენი ცხოვრება, რის შემდეგაც განცდების გამოხატვის ფორმა მხატვრული გახდა?

- გამოჩნდა ისეთი კეთილისმსურველი ადამიანი, რომელმაც ეკლესიაში მისვლა მირჩია. ეს იყო ის ნუგეში, რომელმაც გული გამითბო. ეკლესიაში სიარულმა და ჩემს მოძღვართან საუბრებმა სრულიად შეცვალა ჩემი მიდგომა ცხოვრებაზე, სულიერი მხარე უფრო წინ წამოიწია და თვით სიკვდილიც კი სხვა მხრიდან დამანახა. ამ პერიოდიდან ისევ გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემი შეგრძნებები და ემოციები ფურცლებზე გადმომეტანა ლექსების, ჩანაწერების ან ნახატების სახით. ხატვა ჩემი გრძნობების თავისუფლად გამოხატვის ყველაზე ძლიერი საშუალებაა. ეს პროცესი მანიჭებს უზომოდ დიდ ბედნიერებას. ყველა ჩემს ნახატს თავისი ისტორია აქვს, ოღონდ ჩანაწერებს უკვე არ ვაკეთებ, ანუ შეიძლება ითქვას, რომ მე კი არ ვხატავ, ვწერ ხატვის მეშვეობით.

ხატვით „დაწერილი“ ამბები და ნოსტალგია დაკარგულ სამოთხეზე

- თქვენ ამბობთ, რომ ხატვის დროს მხოლოდ შეგრძნებებს ეყრდნობით...

-სამწუხაროდ, ხატვის ტექნოლოგიას არ ვფლობ და ეს არ მაძლევს იმდენ გასაქანს რაც  პროფესიონალ მხატვარს გაჩნია. კარგად მესმის და არც მაქვს რაიმე პრეტენზია პროფესიონალურ მხატვრობაზე, მაგრამ ზუსტად ის წესების მაძლევს შესაძლებლობას, რომ თავისუფალი ვიყო და მხოლოდ შეგრძნებებზე დაყრდნობით ვხატო ის რაც გამომივა. ზოგჯერ მეც არ ვიცი რას ვხატავ, თითქოს ხელი თვითონ მოძრაობს. ბევრჯერ თვითონაც გამკვირვებია ნახატის საბოლოო შედეგი იმდენად საინტერესო გამოსულა. ხატვის ასეთი პროცესი დადებით ემოციას მაძლევს. აფხაზეთის ომის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი საერთოდ ვერ ვხატავდი, როგორც ჩანს სტრესმა რაღაც პერიოდით დათრგუნა ჩემი შემოქმედებითი მუზა... 

ხატვით „დაწერილი“ ამბები და ნოსტალგია დაკარგულ სამოთხეზე

-პროფესიულ სფეროში საკმაოდ წარმატებული ხართ...

- 11 წელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაცია "ფარმაკოპეის“კომიტეტში, ასევე სამეცნიერო-საექსპერტიზო კვლევით ლაბორატორიებში მთავარ სპეციალისტად და შემდგომ სწავლულ მდივნად ვიმუშავე. მიუხედავად დევნილობით გამოწვეული მძიმე პრობლემებისა, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კარიერის პროფესიული ზრდის პერიოდი საკმაოდ საინტერესო და  წარმატებული იყო, რადგანაც ისეთ ძლიერ პროფესიონალებთან მომიწია მუშაობა, როგორიც იყვნენ: აკადემიკოსი ბიძინა ჭუმბურიძე, პროფესორები: ქეთი ბარამიძე და ნიკო გონგაძე. ჩემს დარგში საკმაოდ წარმატებული ვიყავი. მიუხედავად პროფესიულ ასპარეზზე საკმაოდ კარგი მიღწევებისა, აფხაზეთის ომმა სასტიკი დარტყმების ქვეშ დამაყენა.

ხატვით „დაწერილი“ ამბები და ნოსტალგია დაკარგულ სამოთხეზე

- ისევ ნახატებს რომ დავუბრუნდეთ... რომელიმე მათგანის ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებთ?

-ერთი ნახატის ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვებით. სოხუმის დაცემამდე ორი დღით ადრე, აეროპორტში შეშინებული მე და ჩემი დაიკო უშედეგოდ ვცდილობდით თვითმფრინავში ასვლას და ამით დათრგუნულები საშინელ პანიკაში ჩავვარდით. ასეთმა დაბნეულებმა დედ-მამაც არ ვიცოდით სად იყვნენ. თავი ძალიან მიუსაფრად და უპატრონოდ ვიგრძენით, გვეგონა ამ ჯოჯოხეთს თავს ვერ გავაღწევდით, მაგრამ ჩვენი ახლობლების  დახმარებით, ბოლოს რის ვაი-ვაგლახით მაინც ავძვერით სანატრელ თვითმფრინავში. ეს იყო ჩვენი გადარჩენის უკანასკნელი შანსი. ის იყო გახარებულები გადარჩენილად ვთვლიდით თავს და შვებით ამოვისუნთქეთ, რომ ილუმინატორიდან გადავიხედე და გავხევდი, სული შემეკრა, მინდოდა სასოწარკვეთისგან მეკივლა, რადგანაც იმ წუთში მივხვდი სასტიკ რეალობას... სინამდვილეში ჯოჯოხეთს კი არა ულამაზეს სამოთხეს ვტოვებდით, სამოთხეს, რომელიც ილუმინატორიდან ისეთივე ლიცლიცა, მშვიდი და მადლიანი ჩანდა, როგორც ომამდე იყო. შორიდან თავისი მდუმარე სიდიადით კიდევ უფრო საყვარელი და მშობლიური ჩანდა. თვალზე  ცრემლი მომადგა უკვე იმას დავტიროდი, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. როცა თბილისში ჩამოვფრინდით იმ საღამოსვე გადავწყვიტე დამეწერა ჩემი განცდები, რომ ცოტათი მაინც განვმუხტულიყავი, მაგრამ პირიქით, წერამ უფრო დამამძიმა. ღამით გამომეღვიძა და თვალწინ ნახატი დამიდგა, რომელიც აუცილებლად უნდა დამეხატა. მეც სასწრაფოდ ჩანახატი მოვამზადე, რომ არ დამვიწყებოდა რა და როგორ, ფერებიც ჩავიწერე. ვიცოდი, რომ მოვიდოდა დრო და ამ ჩანაწერს აუცილებლად დავხატავდი. ასეც მოხდა, როგორც კი ხატვის სურვილი გამიჩნდა, პირველად ეს ჩანახაზი გამოვიტანე დასახატად. წლების შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნახატი მართლა უცნაურად დაიხატა. მას „მომავალი საქართველო“ დავარქვი, უფრო ხატს ჰგავს, ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ფურცელზე ხატვისას გამოჩნდა ისეთი სახეები, რომლებიც ქართველ წმინდანებს გვანან. ეს ნახატი ძალიან მიყვარს იმიტომ, რომ საქართველოს გაერთიანება-გაბრწყინებასთან არის კავშირში.

ხატვით „დაწერილი“ ამბები და ნოსტალგია დაკარგულ სამოთხეზე

- ახლახან გამოფენა გქონდათ გალერეა „ვაჩეში“...

- გამოფენას "ნოსტალგია" დავარქვით. მასში გაერთიანებული იყო ურთიერთმონატრება და დაშორების სევდა... გულწრფელად  გეტყვით, რომ არა ჩემი სულიერი მოძღვარი, მამა გიორგი ფეიქრიშვილი, რომ არა ის ღვთისნიერი სიყვარული, რომლითაც ის გვაკავშირებს და გვაერთიანებს, ამ ნაბიჯს ვერ და არ გადავდგამდი. ჩემს ნახატებს მხოლოდ ჩემთვის ვხატავდი და ვერც წარმომედგინა თუ ასე დაინტერესებოდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ინგა ვაჩეიშვილს, რომელიც  ჩემი გამოფენის უშუალო ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო. მისი მონდომებით საშუალება მომეცა, რომ ამ ფორმით მოვფერებოდი ჩემს მონატრებულ აფხაზეთს, ჩემს საყვარელ ადამიანებს. ჩემთვის ეს მარტო გამოფენა არ არის, ეს სიყვარულის ერთობით შექმნილი ულამაზესი დღეა, რომელმაც ბევრი ადამიანი დაგვაახლოვა და გაგვაერთიანა. რადგანაც ამ ყველაფერს წინ სიყვარული უძღვის...