საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი თბოსადგურებისთვის გაძვირდა

თბოელექტროსადგურებისათვის ტარიფის გაძვირება სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბოელექტროსადგურებისათვის ტარიფები გააძვირა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

ტარიფი 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე არის დადგენილი.

თბილისში გაზის ტარიფები შემცირდა

კომისიის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურ „მტკვარი ენერჯისათვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი 11,646 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა; „გარდაბნის თბოსადგურის” ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი 0,31 თეთრით გაიზარდა და 8,322 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა; „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მე-3 და მე-4 ბლოკისათვის - 12,762 თეთრი/კვტსთ-ით (ზრდამ 1,251 თეთრი შეადგინა).

„აღნიშნული გადაწყვეტილება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე ჯერჯერობით არ იმოქმედებს, რადგან ტარიფები მოსახლეობისთვის დამტკიცებულია 2019 წლის ბოლომდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეისათვის თბილისში სამომხმარებლო ტარიფი აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 14,5435 თეთრია. ტარიფი აბონენტთათვის, რომლებიც 101-დან 301 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 18,5555 თეთრია. ხოლო 301 კვტ/სთ და მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის — 23,0395 თეთრია.

ვის უძვირდება გაზი სექტემბრიდან - „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს >>

სამომხმარებლო ტარიფი საქართველოს რეგიონებში აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 14,237 თეთრია. ტარიფი აბონენტთათვის, რომლებიც 101-დან 301 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 18,213 თეთრია. ხოლო 301 კვტ/სთ და მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის — 22,733 თეთრია.