ტრაგედია წავკისში: სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულები მამა-შვილი არიან

მამა-შვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს იცავდნენ და ბრალს არ აღიარებენ
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. სოფელ წავკისში ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინციდენტი წავკისი-ტაბახმელას გზაზე 22 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ დაიწყო. მხარეებმა ავარიის შესახებ პოლიციას არ შეატყობინეს და ზარალის ანაზღაურების საკითხის მოგვარების მიზნით მეორე დღეს, 23 დეკემბერს შეხვედრა გადაწყვიტეს. შეხვედრა წავკისში შედგა.

ტრაგედია წავკისში: პოლიციამ სამი პირი დააკავა

ამ შეხვედრისას მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს, რის ნიადაგზეც მათ შორის ჩხუბი დაიწყო. დანით შეიარაღებულმა ორმა პირმა მეორე მხარის ოთხი ახალგაზრდა დაჭრა. დაჭრილებიდან ორი – 28 და 25 წლის ახალგაზრდები სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე დაიღუპნენ. სამართალდამცველებმა მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა.

ორ დაკავებულს, გიორგი და ნიკოლოზ აბულაძეებს ბრალი ედებათ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, ასევე კიდევ ორი პირის დაჭრაში. ისინი  მამა-შვილი არიან. მესამე დაკავებულს კი ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო წაუყენეს.

როგორც ბრალდებული მამა-შვილის ადვოკატმა, გელა ტყეშელაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს იცავდნენ და ბრალს არ აღიარებენ.

„რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ აღიარებენ დანაშაულს, რადგან ეს ყველაფერი ასე არ მოხდა. მათ დახვდნენ, ისინი ჩიხში მოიმწყვდია არაერთმა ადამიანმა. ბრალდების დადგენილებაში კი მხოლოდ სამი ადამიანი წერია. იმ დროს, როდესაც მათ 15 ადამიანი სცემდა და 10 გვერდში ედგა. თავად დაინახეთ, აბულაძეები როგორი ნაცემები არიან. რა თქმა უნდა, ბრალდებულები თავს იცავდნენ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ჩინოვნიკების დაჭრა რესტორან „წისქვილში“: ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება >>

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის სამი მუხლით: ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

მკვლელობისთვის დაკავებულებს 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო თვითმხილველს – ექვსი თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობა ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.