თბილისში ათასობით ახალი ხე დაირგვება

მწვანე საფარის განახლება უკვე დაიწყო აღმაშენებლის გამზირზე, სადაც დაავადებული ხეების ნაცვლად ახლები დარგეს
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერია თბილისის გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიას განუკურნებელი სენის გამო ათობით ათასი ფიჭვის მოჭრა მოუწევს, ბოლო დროს შეუიარაღებული თვალით ჩანს, თბილისის პარკებსა და სხვა მწვანე ზონებში როგორ შეიცვალა ფიჭვებმა ფერი – მწვანის ნაცვლად ყავისფერი გახდა. ბიოლოგები ამ მოვლენას ხეების დაავადებით ხსნიან.

კალაძე: თბილისი ყველაზე სუფთა ქალაქი უნდა იყოს

მაია ბითაძემ ფიჭვების მოჭრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული მოჭრილი ხის ნაცვლად ახალი, ჯანსაღი ხე დაირგვება. მისი თქმით, თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებ, რომ ჯანსაღი ხეები გადაარჩინოს და გააუმჯობესოს ფიტოსანიტარული მკურნალობის მეთოდები.

„მომავალ წელს 24 ათას ხეს დავრგავთ. ეს იქნება დიდი ხეები ქალაქის ურბანისტულ ნაწილში, და შედარებით პატარა - თბილისის ფერდობებზე", - განაცხადა ბითაძემ.

მწვანე სივრცის განახლება უკვე დაწყებულია თბილისის ცენტრში, კერძოდ, აღმაშენებლის გამზირზე. მერიის ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე, მოჭრილი ფიჭვების ნაცვლად, დაირგვება 23 ძირი სხვადასხვა სახეობის, ოთხ მეტრზე მაღალი ხე, მათ შორის რვა ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, შვიდი ძირი უნგრული ცაცხვი და ცხრა ძირი ჭადარფოთოლა ნეკერჩხალი.

დედაქალაქში გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში ახორციელებს.