თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე ორი პირი, მათ შორის, ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი დააკავა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზუგდიდის ექს-მერი და მისი მოადგილე სასამართლოს გადაწყვეტილებას ციხეში დაელოდებიან>>>
გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია საკუთარ სამუშაო კაბინეტში დღეს, დილით დააკავეს. სუს-ის ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია მოქალაქე ხუტა ბ.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო ხუტა ბ.-მ იმისათვის, რომ არ ემხილებინა გია გულორდავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გამოძიებას განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა", – აღნიშნულია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობასა და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით მიმდინარე წლის ნოემბერში დააკავა. უწყების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში ბრალდებულებმა მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 21,5 ათასი აშშ დოლარი. სანაცვლოდ ჩინოვნიკებს იჯარით გასაცემ აუქციონზე უნდა გაეტანათ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიები. გოგია და გულორდავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.