მოქანდაკე ძმების საჩუქარი ორჰან ფამუქს და სუვენირად ქცეული ბრინჯაოს ხანის ნივთები

უკვე მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ საქართველოში პირველად ჩამოსული სტუმრების უმრავლესობისთვის ჩვენი ქვეყანა მისი უძველესი კულტურითა და ტრადიციებით ერთგვარი აღმოჩენა გამხდარა. სასიამოვნო ტენდენციაა, რომ ქართული ხელოვნება დღეს სწორედ იმ ტრადიციებზე დაყრდნობით ვითარდება და მსოფლიოს გულწრფელად აოცებს.
Sputnik

ნიჭიერი მოქანდაკე ძმებისთვის გიორგი და დავით ეთერიებისთვის უკვე ჩვეულებრივი ფაქტია, რომ მათ მიერ შექმნილ უნიკალურ ნივთებს მხოლოდ უმაღლესი სახელმწიფო რანგის სტუმრებს ჩუქნიან. მათ რიცხვში ევროპელი და ამერიკელი პრემიერ-მინისტრები და გენერლები არიან. ძმებმა ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მონაპოვარიდან ყველაზე სახასიათო ნივთები შეარჩიეს, მათში მცირეოდენი კორექტივები შეიტანეს და ისინი უნიკალურ სუვენირებად აქციეს. სულ ახლახან მათი ნამუშევრები იხილეს იტალიაში, კერძოდ, მილანის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც მსოფლიოს 112 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ყველაფერზე და, მათ შორის, მილანის გამოფენაზეც გიორგი ეთერიას ვესაუბრეთ.

მოქანდაკე ძმების საჩუქარი ორჰან ფამუქს და სუვენირად ქცეული ბრინჯაოს ხანის ნივთები

– გიორგი, საკმაოდ შთამბეჭდავი „ბექგრაუნდი“ გაქვთ, სოციალურ ქსელებში კი თქვენ გვერდზე მითითებული გაქვთ „ძმები-მაიმუნები“...

– იმიტომ, რომ ვმაიმუნობთ. მართლაც ასეა, ანუ ამით იმას ვამბობთ, რომ ხელოვნებაში ზედმეტად სერიოზული მიდგომა არ არის საჭირო. ადამიანი ჯერ იზრდება და მერე დროთა განმავლობაში ისევ ბავშვობას უბრუნდება, ანუ უბრუნდები საკუთარ თავს და იქიდან საბოლოოდ არ უნდა გამოხვიდე. უხეშად რომ ვთქვათ, იდეაში ეგრეა.

მოქანდაკე ძმების საჩუქარი ორჰან ფამუქს და სუვენირად ქცეული ბრინჯაოს ხანის ნივთები

– მართალია, რომ მაღალი რანგის სტუმრებს თქვენ მიერ შექმნილ ნივთებს ჩუქნიან?

– დიახ, აქ ჩამოსულებსაც ჩუქნიან და აქედანაც უგზავნიან ხოლმე. სხვათა შორის, როცა ორჰან ფამუქი იყო საქართველოში ჩამოსული, მას აჩუქეს ჩვენ მიერ გაკეთებული წიგნის ვერცხლის სანიშნე – მინანქრითა და ბრილიანტის თვლებით.

მოქანდაკე ძმების საჩუქარი ორჰან ფამუქს და სუვენირად ქცეული ბრინჯაოს ხანის ნივთები

– ახლახან საერთაშორისო გამოფენაზე იყავით მილანში...

– გამოფენაში სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვა სახის პროდუქცია წარმოადგინა, ზოგმა სახვითი ხელოვნება, ზოგმა მუსიკა, ვისაც რისი სურვილი ჰქონდა. საქართველოდან ხუთი მხატვარი ვიყავით, მე და ჩემმა ძმამ დათომ ქანდაკებები წარვადგინეთ.

მოქანდაკე ძმების საჩუქარი ორჰან ფამუქს და სუვენირად ქცეული ბრინჯაოს ხანის ნივთები

– თანაც ძალიან საინტერესო ფორმით...

– რადგან საქართველოს სახელით წარვდექით, ჩვენებური ინტერპრეტაციებით დავამზადეთ და წავიღეთ არქეოლოგიური ნიმუშების რეპლიკები. ეს იყო ბრინჯაოს ხანის ნივთები ჩვენებური გააზრებით. საერთოდ, ძველი ნივთები თანამედროვე და უტილიტარული რომ გახდეს და ინტერიერში განთავსება შეიძლებოდეს, ამისთვის მათში მცირე დამატებებია შესატანი, ამიტომ ისინი ჩვენი დიზაინითაა გაკეთებული.

– ორივე ძმამ ქანდაკება აირჩიეთ?

– ორივე მხატვარ-მოქანდაკე ვართ, მაგრამ მე გამოყენებითი ხელოვნების მაგისტრი ვარ, ჩემი ძმა – ქანდაკების მაგისტრი. ჩვენ გვაქვს სტუდია, სადაც მხოლოდ ორნი ვართ, თუმცა პერიოდულად მეგობრებიც გვიერთდებიან ხოლმე. ზოგჯერ მოსწავლეებიც გვყავს, მაგრამ იშვიათად, მხოლოდ მაშინ, როცა გვცალია. ქანდაკება ერთ-ერთი მიმართულებაა იმისა, რაც სახელოსნოში კეთდება, ისე, ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ – ქვაზე, მინანქარზე, ძვალზე და ხეზეც. სხვათა შორის, მშობლებიც ხელოვანები არიან, მამა მხატვარია, დედა – მუსიკოსი.

მოქანდაკე ძმების საჩუქარი ორჰან ფამუქს და სუვენირად ქცეული ბრინჯაოს ხანის ნივთები

– ისევ მილანს რომ დავუბრუნდეთ, ყველაზე მკვეთრი შთაბეჭდილება თქვენზე რამ მოახდინა?

– ხუთ წელზე მეტია, რაც მილანში საქართველო იღებს მონაწილეობას, ჩვენ პირველად ვიყავით. ჩვენი ქანდაკებები ძალიან მოეწონათ, მათ დამთვალიერებლისა და სპეციალისტების მოწონება დაიმსახურეს. ამას გარდა, ხალხი იმ ნივთების ისტორიითაც დაინტერესდა, რაც წაღებული გვქონდა. მათ ქანდაკებები კრეტას ხარებს ახსენებდა.

მოქანდაკე ძმების საჩუქარი ორჰან ფამუქს და სუვენირად ქცეული ბრინჯაოს ხანის ნივთები

– ანუ ბერძნულთან ავლებდნენ პარალელს?

– დიახ, მათ წარმოდგენაში ეს უახლოესი ანალოგი იყო. ჩვენი მხრიდან კი იმის საბაბი გახლდათ, რომ ყველაფერი აგვეხსნა. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ქართული სტენდი მილანში კულტურის სამინისტროს დაფინანსებული იყო. რაც შეეხება იტალიის ყველაზე მკვეთრ შთაბეჭდილებას, ის ვერონამ დაგვიტოვა. ვენეციაზე და ფლორენციაზე გარკვეული წარმოდგენა გვქონდა და ბევრიც წაგვიკითხავს, მაგრამ ამ ქალაქზე იმდენი ინფორმაცია არ გვქონია. მოკლედ, ვერონამ ჩვენზე შოკისმომგვრელად იმოქმედა. ყველასთვის ის მხოლოდ რომეო და ჯულიეტასთან ასოცირდება და ეს ცუდი მომენტია. ვერონაში შენობების გარედანაც და შიგნითაც იტალიისთვის დამახასიათებელი ძველი ფრესკებია. მთლიანად იტალია მხატვრისთვის სამოთხეა. ერთობლივ გამოფენებს ბევრ ქვეყანაში ვაწყობთ. უკვე ვიყავით ინდოეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და სხვ. ძირითადად გამოფენებზე ბრინჯაოს ნივთები წარვადგინეთ, მილანში გვქონდა ძვლისგან გაკეთებული სამკაულებიც, რაც ახალი მიმართულება იყო ჩვენ შემოქმედებაში. ადრე „მერსედეს ბენცის“ Fashion Week-ზე დიზაინერ ირმა შარიქაძესთან ვითანამშრომლეთ, ანუ კოლაბორაცია გვქონდა. მათი კოსტიუმები იყო და ჩვენი სამკაულები. მომავალი წლიდან ახალ გამოფენებს ვაპირებთ და უცხოეთისთვის ვემზადებით. ალბათ შეიძლება ისევ მილანში წავიდეთ ან ბარში, სადაც ბევრი ქართველია. გეგმა ბევრია და რომელი უფრო მოგვეწონება და რა მიმართულებით წავალთ, ამას დრო გვიჩვენებს.