„ჭკვიანი კამერები“ მოქმედებაში - სიჩქარის გადაჭარბების რიცხვმა 37 ათასს გადააჭარბა

„ჭკვიანი კამერები“ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას აფიქსირებენ და ჯარიმის გამოწერა თავად შეუძლიათ
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. 2017 წლის 1 ივლისიდან მიმდინარე წლის 5 ნოემბრამდე ე.წ. უკონტაქტო პატრულმა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გზებზე 37 ათასზე მეტი სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევა დააფიქსირა, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის 1 ივლისიდან მიმდინარე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ე.წ. უკონტაქტო პატრულმა სიჩქარის გადაჭარბების 37 951 შემთხვევა გამოავლინა.

ტელეარხის მონაცემებით, ამ პერიოდში თბილისში სიჩქარის გადაჭარბების 12 824, ბათუმში - 12 462, ქუთაისში კი 12 665 შემთხვევა დაფიქსირდა.

ქუჩები თბილისში, სადაც დღეიდან სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა

2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში საგზაო წესების დარღვევისთვის სასჯელი გამკაცრდა. მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა - მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენისთანავე მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. ქულების სისტემა ვიდეოჯარიმებზე არ ვრცელდება.

გარდა ამისა, ივლისიდან შსს-მ აამოქმედა ე.წ. უკონტაქტო პატრულირება, რა დროსაც პოლიცია გზებზე გადაადგილდება ამომცნობი ნიშნების არმქონე ავტომობილით და ავტომობილებს „ფარულად“ უთვალთვალებს.

საქართველოში სიჩქარის მზომი კიდევ რამდენიმე რადარი ამოქმედდა >>

2017 წლის ნოემბრიდან ამუშავდა სექციური რადარები და „ჭკვიანი კამერები“, რომელთა უპირატესობა იმაშია, რომ მათ სამართალდარღვევის განსაზღვრა და ჯარიმის გამოწერა ავტომატურ რეჟიმში შეუძლიათ. ისინი ფუნქციონირებენ ვიდეოანალიტიკური პროგრამის მეშვეობით, რომელიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში არსებობს.