საქართველოში ბენზინი ტყვიის შემცველობაზე შეამოწმეს

საქართველოს მასშტაბით ავტოგასამართ სადგურებზე ხარისხის შემოწმების მიზნით საწვავის 240 სინჯი აიღეს
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ბენზინში ტყვიის შემცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს შეესაბამება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები შეამოწმეს. შემოწმება გაფრთხილების გარეშე მოხდა და ქვეყნის მასშტაბით 240 სინჯის აღება განხორციელდა.

ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო

„აღებული სინჯების ლაბორატორიულ კვლევა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ უზრუნველყო. კვლევის შედეგად, დადგინდა რომ საავტომობილო ბენზინის ყველა საკვლევ ნიმუშში, ტყვიის შემცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ექსპერტები თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად საავტომობილო საწვავის დაბალ ხარისხს ასახელებენ. ამიტომ მთავრობაში არაერთხელ განუცხადებიათ საავტომობილო საწვავის ხარისხის ევროსტანდარტებთან მიახლოების შესახებ. ზაფხულში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან საქართველო მიაღწევს ევრო-4-ის სტანდარტს, შემდეგ კი ევრო-5-ის. ეს ნიშნავს, რომ საწვავში გოგირდის შემცველობა იქნება ათჯერ ნაკლები, ვიდრე ეს ახლა არის.

საპროტესტო აქცია თბილისის ქუჩებში - მძღოლები საწვავის გაიაფებას მოითხოვენ >>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვია იმ 10 ქიმიურ ნივთიერებას შორის შეიტანა, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ძირითად შეშფოთებას იწვევს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან შესაბამის მოქმედებებს მოითხოვს, რათა დაცული იყოს მშრომელთა, ბავშვებისა და ქალების ჯანმრთელობა.

ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობასა და სხვა.