თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 3500 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაგათავისუფლა ქეთევან მირიანაშვილი, რომელიც ველისციხეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, 16 დეკემბერს მომხდარი არეულობის საქმეზე დააკავეს, იუწყება ტელეარხი Imedi.
თელავში საპროტესტო აქციის დროს დეპუტატის ავტომობილის დაზიანებისთვის ერთი პირი დააკავეს >>
16 დეკემბერს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის, თელავში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ოპოზიციონერები პოლიციის მოთხოვნას მარშრუტის შემოვლითი გზით გაგრძელების შესახებ არ დაემორჩილნენ და პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები დაშავდნენ.
მირიანაშვილს ბრალს პოლიციელზე თავდასხმაში სდებენ. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებას აქვს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, რომ ქალი ასულია პოლიციის ავტომობილზე და წინააღმდეგობას უწევს პოლიციას, რომელიც მის ჩამოყვანას ცდილობს.
თავდაპირველად მირიანაშვილს ბრალი ედებოდა „სხვისი ნივთის დაზიანებაში“, მაგრამ შემდეგ ბრალდება გადაკვალიფიცირდა.
ინაუგურაციის დღეს სოფელ ველისციხესთან მომხდარი არეულობის საქმეზე ასევე „ნაცმოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობისა და პოლიციელზე თავდასხმის მუხლებითაა აღძრული.
გამოძიების მონაცემებით, კირკიტაძე პოლიციის ავტობუსში შეღწევას ფანჯრიდან ცდილობდა და ტრანსპორტში მჯდომ პოლიციელს დაარტყა. ამავე ადამიანის თავდასხმისთვის დაკავებულია კიდევ ერთი ოპოზიციონერი, ვინმე 32 წლის მამაკაცი. თავად კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
არჩევნებთან დაკავშირებით პოლიციამ პასუხისგებაში 26 პირი მისცა>>>
პარასკევს პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელმაც ასევე „ქართული ოცების“ დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანა დააზიანა. ინციდენტი თელავში მოხდა.
ოპოზიციონერებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს და ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.