ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნას მხარს უჭერს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანის თხოვნით მიმართა
Sputnik

თბილისი,  21 დეკემბერი — Sputnik.  საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების ხანდაზმულობის  ვადის გაგრძელებისთვის საქართველოს პარლამენტმა აუცილებელი ზომები  უნდა მიიღოს, ნათქვამია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

პირველი პრეზიდენტის შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურის წინ მერვე დღეა შიმშილობენ და ხელისუფლებისგან გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების დასრულებას ან ხანდაზმულობის ვადის (25 წელი)  გაგრძელებას ითხოვენ, რომელიც 31 დეკემბერს გადის. გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის  პირველი პრეზიდენტის ოჯახს  არ სჯერა.  2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს.

ცოტნე და კოკა გამსახურდია შიმშილობენ: პრეზიდენტის მკვლელობის საქმე შესაძლოა დაიხუროს>>>

„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის. მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.