თუ თქვენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტი ხართ, ფსიქოლოგი მარიამ ბიაშვილი გაგიზიარებთ რჩევებს, როგორ უნდა დაეხმაროთ მას, რათა სასწავლო წელი წარმატებით გაატაროს.
– სწავლის პირველი თვე გარდამტეხი პერიოდია. ეს არის დრო, როდესაც იწყებთ თქვენი პატარა მოსწავლის გაცნობას, კარგად მოუსმინეთ მას. ნახეთ რა მოსწონს, რის გაკეთება უყვარს, რა არ მოსწონს. გაესაუბრეთ მასწავლებელს, მშობელს, ერთობლივი მუშაობა წარმატების გარანტიას იძლევა.
თქვენი, როგორც მოსწავლის დამხმარე პირის როლი გადამწყვეტია იმაში, თუ როგორ გაატარებს ის სასწავლო წელს. სკოლაში ძალიან ბევრი ბავშვი ელოდება ასისტენტს, რომლის დანიშვნაც ხშირად მშობლების დიდი ძალისხმევის შედეგად ხდება. თქვენი საქმიანობა – ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელიც თქვენ უნდა გასწიოთ სკოლაში.
იმედია, ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ მთელი წლის განმავლობაში.
გუნდური მუშაობა
თანმხლებ პირად ყოფნა უპირველესად ნიშნავს კავშირის დამყარებას. კავშირს ბავშვსა და გარე სამყაროს შორის, უსაფრთხო კავშირს (როდესაც ბავშვს უსაფრთხოების განცდა აქვს), კავშირს, როდესაც ბავშვი დაცულად გრძნობს თავს, მაგრამ არ ეზღუდება დამოუკიდებლობა. კავშირს თქვენს მოსწავლესა და სხვა მოსწავლეებს შორის, რომელიც ყოველთვის ადვილი როდია.
ბავშვის გარშემო მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობა საუკეთესო გამოსავალია. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი, ასისტენტი, მშობლები და, თუ შესაძლებელია, ბავშვის განვითარებაში ჩაბმული სხვა სპეციალისტები (ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპვეტი და სხვ.) ერთობლივად განიხილავდნენ და შეიმუშავებდნენ მიზნებს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ პატარა ბროშურა, სადაც ჩაინიშნავთ რასაც მშობელი მოგიყვებათ თავისი შვილის სირთულეებზე, მუშაობის სტრატეგიებზე, მცირე და დიდ გამარჯვებებზე. არ უნდა დაიკარგოს არანაირი ინფორმაცია. მშობლებს შეუძლიათ მოგაწოდონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ ასისტირების დროს (მაგ. ახალი ქცევები, რთული ღამე და სხვ.), ბავშვის შესახებ სრულყოფილი ცოდნა თქვენ სწორად ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.
სოციალური გარემო
თქვენს მოსწავლეს თავდაპირველად შეიძლება გაუჭირდეს სოციუმში ადაპტირება. ამიტომ აუცილებლად დაეხმარეთ მას, რომ გაეცნოს გარემოს, აუხსენით როგორ უნდა მოიქცეს. ის ბევრ გამღიზიანებელს შეიძლება შეეჯახოს (მაგალითად, ხმაური, მოძრაობა, შეხება) და ეს არასასიამოვნო აღმოჩნდეს მისთვის, რის გამოც ის შესაძლოა დარჩეს მარტო კლასში.
დასვენება – ეს ის დროა, რომელიც შეიძლება ძალიან კარგად გამოიყენოს ასისტენტმა, რათა თქვენი პატარა მოსწავლე ჩაერთოს ჯგუფურ აქტივობებში.
ასწავლეთ მას სოციალური სიტუაციების გაგება მათი განმარტებით, მაგალითად, „შენ ხედავ, ის იცინის, იმიტომ რომ...“
კლასში დაეხმარეთ მას ინსტრუქციების გაგებაში. აუხსენით ყველაფერი და სიტყვით გადმოეცით ის, რის ცოდნაც გსურთ, რომ მან მიიღოს.
თქვენი როლი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ აკადემიურ უნარებზე მუშაობით. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ჩაწვდებით უფრო ღრმად, რა შეიძლება იყოს დასწავლის პრობლემები:
გაგების სირთულეები;
ცოდნის გენერალიზების სირთულეები;
ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები;
მუშა მეხსიერების სირთულეები;
სენსორული სირთულეები, რაც ხელს უშლის დასწავლას;
შფოთვის მაღალი დონე.
სენსორული დარღვევების პრევენცია
აუტიზმის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ სენსორული ინფორმაციის გადამუშავების სირთულეები, რაც, შესაძლოა, ხელს უშლიდეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფუნქციონირებას. ფიზიკური კონტაქტი სხვებთან, გარკვეული სახის ტანსაცმლის ტარება, ხმაური, სუნი, შუქი... ეს სია შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს. ზოგიერთი შეიძლება ნაკლებ ან მეტად მგრძნობიარე იყოს გამღიზიანებლების მიმართ. ამრიგად, საჭიროა კარგად იცნობდეთ იმ მოსწავლის საჭიროებებს, რომელსაც ასისტირებას გაუწევთ, რათა მოძებნოთ და შესთავაზოთ გამოსავალი. არ დაგავიწყდეთ ჰკითხოთ მშობელსაც, რომელიც დიდ ინფორმაციას მოგაწვდით. რაც მეტ ცოდნას შეაგროვებთ, მით უფრო ადვილად გაუმკლავდებით რთულ სიტუაციებს და შეძლებთ სწავლებას.
* წინასწარ შეამზადეთ მოსწავლე მოსალოდნელი ცვლილებისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა სოციალური ისტორიები.
* თუ გარემო ძალიან ხმაურიანია, შესაძლოა გამოიყენოთ ყურსასმენები;
* სტერეოტიპული მოძრაობების დროს შესთავაზეთ პატარა საგნების გამოყენება, ნუ დაბლოკავთ მათ, რადგან ის ეხმარება ბავშვებს თვითრეგულაციაში.
* თუ ბავშვი ვერ გრძნობს თავს კარგად, აჩვენეთ მას ილუსტრირებული ბარათები, „როგორ ვგრძნობ მე თავს ჩემ სხეულში“, რათა მან შეძლოს და მიგანიშნოთ ავად ყოფნის მიზეზი, სად რა სტკივა.
ქცევითი პრობლემების გაგება
ხშირად გაუგებარია, რამ გამოიწვია ესა თუ ის ქცევა, რთულად სამართავია, არაპროგნოზირებადია და აფერხებს იმ მოვლენის განვითარებას, რაც დაგეგმილი იყო. იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ გარკვეული ქმედებები, საჭიროა გავიგოთ მიზეზები. დროსთან და იმ ინფორმაციებთან ერთად, რომლებსაც ბავშვის ახლო მყოფები მოგაწვდიან, თქვენ სწრაფად შეძლებთ იმის გაგებას, რომელი სიტუაციები უნდა აირიდოთ თავიდან და რომელ სიტუაციებზე უნდა იმუშაოთ. შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა ჩანაწერი. მიზეზები:
* გარემოებები (ცვლილებები, რუტინა და სხვ.) პლუს კონტექსტი (ადგილი, პიროვნებები, საქმიანობები და სხვ.)
* ქცევა (იმალება, ყვირის, გარბის და სხვ.)
* გამოსავალი (გასვლა, განტვირთვისთვის აქტივობების შეთავაზება და სხვ.)
სკოლაში ზოგჯერ ნაკლებ განსახორციელებლია გამოსავლის შეთავაზება, ამიტომ შეგიძლიათ მიმართოთ მასწავლებელს, დირექტორს, მშობელს...
ვიზუალური საშუალებების გამოყენება
ვიზუალური საშუალებების გამოყენება თქვენ დაგეხმარებათ უკეთესად აუხსნათ მოსწავლეს, რის გაკეთებას გეგმავთ.
* გააკეთეთ სკოლაში საქმიანობის ამსახველი ვიზუალური მინიშნებები;
* გამოიყენეთ ტაიმერი, რამდენი დრო აქვს და რამდენი დარჩა საქმიანობის დასრულებამდე;
* შექმენით ვიზუალური გრაფიკი, გაეცნოს კვირის დღეებს, რა დღეს რა აქვს დაგეგმილი;
* აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის ინდივიდუალური ინტერესები, რაც გაუჩენს მას მეტ მოტივაციას.
სამუშაოს ადაპტირება
მიეცით იმდენი დრო, რამდენიც სჭირდებათ მათ აქტივობების შესასრულებლად. ნუ დააჩქარებთ. მიეცით საშუალება იმუშაოს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. მიაწოდეთ მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობები. სიახლის პირისპირ არ დატოვოთ შიშში, მიაწოდეთ დეტალური ინფორმაცია. ასწავლეთ კითხვების დასმა: რა ხდება? რა არის ეს? როგორ გავიგო? დაარწმუნეთ, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება.
მოტივაციის შენარჩუნება
თქვენს მოსწავლეს ბევრ სირთულესთან უხდება გამკლავება სკოლაში (სწავლა, სენსორული პრობლემები, ყურადღების სირთულეეები და ა.შ.), ამიტომ ამ ყველაფერმა შესაძლოა მისი დაღლილობა და ყურადღების გადართვა გამოიწვიოს. სკოლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს მისგან, ამიტომ მნიშვნელოვანია სისტემატურად იმუშაოთ მის მოტივიაციაზე. თქვენ შეგიძლიათ შეიმუშაოთ ბევრი მეთოდი, რაც მის მოტივაციას წაახალისებს. მაგალითად, განახორციელოს თვითშეფასების კითხვარი (მე კარგად დავწერე, მოვუსმინე მასწავლებელს, ხელი ავწიე პასუხისთვის). ჩაინიშნოს დღის ბოლოს და მიიღოს ე.წ. სმაილები ან სხვა რამ, რაც მის ინტერესებს შეესაბამება. გამოიყენეთ გამამხნევებელი მარკები. მუშაობაში გამოიყენეთ მისი განსაკუთრებული ინტერესები. წაახალისეთ მისი პროგრესი, მიუხედავად იმისა, თუ შედეგი არ იქნა სრულყოფილი. შეაქეთ მისი პიროვნება. ეს ფორმულირებები ხელს შეუწყობს თვითშეფასების ამაღლებას.
და, ბოლოს, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი ბედნიერების ადამიანებს, ჩემს პატარა მეგობრებს, რომლებმაც დამანახეს, რომ აუტიზმი, ეს ძალიან დიდ და ძალიან ფერად სამყაროში შეღწევის გასაღებია. მადლობა, რომ ამ სამყაროში ფეხის შედგმის საშუალება მომცეს. დიდი მადლობა სპეცმასწავლებლებს, რომლებიც ყოველდღიურად უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან და თავდაუზოგავად შრომობენ ბავშვებთან ერთად, მადლობა მათ მოთმინებისთვის. მე იმედი მაქვს, რომ მათი სამუშაო იქნება დაფასებული, სტატუსი განსაზღვრული, რათა მეტის გაკეთება შეძლონ და მუშაობა გააგრძელონ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.
დიდი მადლობა მასწავლებლებს, ვინც თანამოაზრეებთან ერთად მუშაობს მათი მოსწავლეების კეთილდღეობისთვის, ვისთვისაც აუტიზმი განაჩენი არ არის, ვისთვისაც პიროვნება უფრო მეტია, ვიდრე დიაგნოზი.
და დიდი მადლობა მშობლებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თავიანთი შვილების კეთილდღეობისთვის!