თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმარს თაღლითობისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
ცოლ-ქმარმა თ.ა.-მ და ი.რ.-მ თაღლითობის მიზნით, ე.ხ.-ს, რომელსაც ბინის დაგირავება სურდა, მოტყუებით აჩვენეს მისთვის სასურველი ბინა და დაჰპირდნენ, რომ 17000 აშშ დოლარად 2 წლით იპოთეკით დაუტვირთავდნენ. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა თანხა გადასცა, თ.ა.-მ და ი.რ.-მ იპოთეკით სულ სხვა, საცხოვრებლად უვარგისი ბინა დატვირთეს, რომლის საბაზრო ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო ე.ხ.-ს მიერ მათთვის გადაცემულ თანხაზე.
თ.ა.-ს და ი.რ.-ს 2018 წლის 12 მარტს წარედგინათ ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ა და ი.რ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორივეს 6 წლით პატიმრობა შეუფარდა.