თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. უახლოეს დღეებში მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტის განხორციელებაზე ტენდერის გამოცხადება იგეგმება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ახალი მეტროს ხაზის მშენებლობა, რომლისთვისაც შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურა იქნება გამოყენებული, გათვალისწინებულია თბილისის მერიის პროექტში „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“.
კალაძე: მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება >>
„სამგორიდან ლილოს მიმართულებით დაახლოებით რვა ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და ასევე შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მიწისზედა მეტრო მგზავრებს. დაახლოებით, 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტში“, - განაცხადა კალაძემ.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე - ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზისა 40 კილომეტრია, ხოლო მეორე ხაზის – 17.