არჩევნებთან დაკავშირებით პოლიციამ პასუხისგებაში 26 პირი მისცა

სისხლის სამართლის 13 საქმეზე შეწყდა გამოძება
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ  26 პირი მისცა, რომელთა შორის როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე. ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი, რომელთა შორის არიან მმართველი პარტიიდან დეპუტატის ოჯახის წევრები. ასევე დაწყებულია გამოძიება ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე.

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

პოლიციამ 2018 წლის 28 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს და შემდგომ პერიოდში გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 25 ფაქტზე დაიწყო.

ქუთაისის აეროპორტში, თამარ ჩარკვიანის მეუღლის - ჯონდო გიგანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

თბილისში, გლდანის რაიონში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ვინაიდან არ დადასტურდა დანაშაულის არსებობა, სისხლის სამართლის 13 საქმეზე შეწყდა გამოძიება, მათ შორის:

მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობის ფაქტზე;

ადიგენში ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე;

არეულობა ინაუგურაციის დღეს: დაკავებულია კიდევ სამი პირი

ბათუმში საარჩევნო უბნების მიმდებარედ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ორ ფაქტზე;

აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე მმართველი პარტიიდან საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე;

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გასროლის ფაქტზე;

ბათუმში საარჩევნო უბანთან მმართველი პარტიის კოორდინატორის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე;

ბოლნისში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე;

რუსთავში საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლების უკანონოდ შეჭრის და კომისიის მუშაობისთვის ხელშეშლის ფაქტზე;

ლაგოდეხში ოპოზიციის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გასროლის ფაქტზე;

თბილისში, დიდუბის რაიონში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე www.on.ge-ის ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე;

თბილისში, გლდანის რაიონში საარჩევნო უბანზე ფანჯრის მინის დაზიანების ფაქტზე.

ლომჯარია ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებზე: ამ ფაქტს გამოძიება სჭირდება

გასულ კვირას ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის, თელავში 16 დეკემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ოპოზიციონერები პოლიციის მოთხოვნას მარშრუტის შემოვლითი გზით გაგრძელების შესახებ არ დაემორჩილნენ და პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები დაშავდნენ.

ორშაბათს შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით კირკიტაძე დააკავა. გამოძიების მონაცემებით, კირკიტაძე პოლიციის ავტობუსში შეღწევას ფანჯრიდან ცდილობდა და ტრანსპორტში მჯდომ პოლიციელს დაარტყა. 

გარდა ამისა, დღეს სოფელ ველისციხესთან მომხდარი არეულობის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი დააკავეს.