თბილისში ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი გრიბოედოვის ძეგლი გაიხსნება

გრიბოედოვის თეატრის დირექტორმა ნიკოლაი სვენტიცკიმ განაცხადა, რომ წერეთლის მიერ შექმნილი ძეგლი ოთხ მილიონ დოლარად არის შეფასებული.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი გამოჩენილი რუსი პოეტისა და დიპლომატის ალექსანდრ გრიბოედოვის ძეგლის საზეიმო გახსნა გრიბოედოვის თეატრში 2018 წლის 24 დეკემბერს გაიმართება.

ბრინჯაოს ქანდაკება ტონა-ნახევარს იწონის და 2,1 მეტრი სიმაღლისაა. სახელოვანმა მოქანდაკემ ის გრიბოედოვის თეატრს საჩუქრად გადასცა.

მონუმენტი გრიბოედოვის თეატრის ფოიეში 19:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება.

რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტად ისევ ზურაბ წერეთელი აირჩიეს

ძეგლის გახსნის ცერემონიაზე ელოდებიან ზურაბ წერეთელს ვაჟთან ერთად. ღონისძიებაზე მოწვეული არიან ისტორიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი და სხვ.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ ნაჩვენები იქნება გრიბოედოვის თეატრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპექტაკლი „ხოლსტომერი. ცხენის ისტორია“ რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის დადგმით. ეს არის ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით. სპექტაკლი მრავალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ლაურეატია.

ზურაბ წერეთელი – ცნობილი ქართველი მხატვარი-მონუმენტალისტი, მოქანდაკე, პედაგოგი, პროფესორი. 1997 წლიდან წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია. ზურაბ წერეთელი ხუთი ათასზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული და მონუმენტურ-დეკორატიული ნამუშევრის ავტორია.