თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ასევე საქართველოს მეტ ინტეგრაციას დასავლეთთან. მე ველოდები აშშ-ისა და საქართველოს ახლო პარტნიორობის გაგრძელებას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას“, - აღნიშნულია აშშ-ს პრეზიდენტის წერილში.
დონალდ ტრამპმა ასევე გამოხატა მადლიერება საქართველოს მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის და ქართველი სამხედროების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება 28 ნოემბერს გამართულ არჩევნების მეორე ტურში, მოიპოვა, მან ამომრჩევლების ხმების 59,52% მიიღო.
საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია კვირას, 16 დეკემბერს თელავში გაიმართა.