მართვის მოწმობაზე ქულები წელს 90 მძღოლს გაუნულდა

ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, 90 მძღოლს ამოეწურა და მართვის უფლება შეუჩერდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სად ხდება თბილისში ყველაზე მეტი ავარია

არსებული ინფორმაციით, მართვის მოწმობას ამ მომენტისთვის ქვეყანაში 1 მილიონზე მეტი პირი ფლობს. მათგან დარიცხული ქულებიდან არც ერთი არ ჩამოკლებია მძღოლების დაახლოებით 81%-ს.

საქართველოში 2017 წლის 1 ივლისიდან ე.წ. ქულების სისტემა მოქმედებს, რომლის თანახმად, ყველა მძღოლს მართვის მოწმობაზე 100 ქულა ერიცხება, რომელიც ჩადენილი სამართალდარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთმევა. მის დასაბრუნებლად მძღოლს შეუძლია ხელახლა ჩააბაროს მართვის უფლების მისაღები გამოცდა, რისი შანსიც ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მიეცემა, ან მომდევნო წელს დაელოდოს, როდესაც 100 ქულა ხელახლა დაერიცხება.

აღსანიშნავია, რომ ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს.

გასულ წელს 100-ქულიანი სისტემის ამოწურვის შემდეგ მართვის უფლება 22 ადამიანს ჩამოერთვა.