ყინულის ფიგურები და ცეცხლოვანი შოუ: მესტიაში ზამთრის სეზონი 22 დეკემბერს იხსნება

ზამთრის კურორტების მოყვარულთ შთამბეჭდავი გასართობი პროგრამა ელოდებათ.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. მესტიაში ზამთრის სეზონის გახსნის დღეს, 22 დეკემბერს ფეიერვერკები, ცეცხლოვანი შოუ და ბევრი მუსიკა გელოდებათ, იუწყებიან ორგანიზატორები.

სვანეთისაკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

ღონისძიება 15:00 საათზე ყინულის სკულპტურებისა და ფოტოების გამოფენით დაიწყება. აქვე სტუმრებს ელოდებათ ორიგინალური ფოტოზონა, სადაც სამახსოვრო ფოტოს გადაღება იქნება შესაძლებელი.

საახალწლო ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები. 17:00 საათზე სტუმრებს ცეცხლოვანი შოუ ელოდებათ.

საღამოს დაგეგმილია კონცერტი – მსმენელის წინაშე პოპულარული ქართველი მუსიკოსი და შემსრულებელი სტეფანე მღებრიშვილი და დიჯეი წარდგებიან. ზამთრის სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.

ყველა ღონისძიება ქალაქის მოედანზე გაიმართება. ორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დასწრება თავისუფალია.