ოთხი შვილის დედას ოთხი კრებული აქვს გამოცემული. მარიამ კოზმანიშვილის ლექსები იმდენად კარგად გამოხატავს ბევრის სათქმელს, რომ ჩვენში პლაგიატებმა ბევრჯერ მიისაკუთრეს. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მის ერთ ლექსს, რომელიც მეტად საკამათო თემაზეა, 14 ათასზე მეტი გაზიარება ჰქონდა. ეს ის შემთხვევაა, როცა მსგავსი თემა პოეტურ ფორმას ბუნებრივად და ლამაზად ირგებს.
– ქალბატონო მარიამ, ლექსამდე ყველას თავისი მისასვლელი გზა აქვს, თქვენ როგორ მიხვედით?
– სოფელ კისისხევში დავიბადე და გავიზარდე. ეს თელავთან ძალიან ახლოს მდებარე, ეკლესია-სალოცავების სიმრავლით ცნობილი, საინტერესო წარსულის მქონე სოფელია. მას ქრისტეს საფლავის მიწასაც უწოდებდნენ. ჩემი ყველაზე ლამაზი და სევდიანი მოგონებებიც იქიდან იწყება... პროფესიით ფილოლოგი ვარ, თელავის გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ პროფესიით არასოდეს მიმუშავია. დღეს მეცინება, როცა მახსენდება, რომ თელავის სამხედრო ნაწილში ოდესღაც ბუღალტრად ვმუშაობდი. თუმცა, ჩემი პოეტური მუზა ბუღალტერიამდე გაცილებით ადრე დაიბადა. ლექსებს ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩემთვის ვწერდი და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ვიბეჭდებოდი. ოთხი კრებული მაქვს გამოცემული, მაგრამ ჩემი კრებულებით არ ვარ კმაყოფილი, ბოლოს არა უშავს. ყოველთვის უფრო კარგად და მეტი მინდა ვწერო.
– რა გაწერინებთ ლექსებს და რა სიხშირით წერთ?
– ჩემ შემთხვევაში ლექსებს უფრო სევდა მაწერინებს. როცა რაღაც ძალიან მაწუხებს, მაშინ ვწერ. შეიძლება ფიზიკურად ვიყო ავად და მაშინ ვწერო. რაც შეეხება სიხშირეს, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მქონია შემთხვევები, როცა ერთ დღეში ათზე მეტი ლექსი დამიწერია. 90-იან წლებში ძალიან გვიჭირდა. მაშინ ჩემი გოგონა რვა წლის იქნებოდა, ერთ დღეს, მახსოვს, ბევრი ლექსი დავწერე. ეს ლექსები ისე მოდიოდა და მოდიოდა, უკვე ჩაწერის თავი არ მქონდა და ჩემ გოგოს ვთხოვე, რომ კარნახით ჩაეწერა. ლექსის წერა მშობიარობის პროცესს ჰგავს – სული დაგროვილ ტკივილს ან სიხარულს შობს და მერე ისვენებს...
– ანუ, ამ მხრივაც მრავალშვილიანი დედა გამოდიხართ?
– ოთხი შვილი და ექვსი შვილიშვილი მყავს. ასე რომ, ამ მხრივ მდიდარი გახლავართ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ლექსები ყველაზე ყოფითი და მოსაწყენი საქმიანობის, ჭურჭლის რეცხვის დროს დამიწერია. ჩემი ადრეული ლექსების უმეტესობაც სწორედ ასეთ ვითარებაში იწერებოდა. როცა ძალიან ყოფით საქმეს ვაკეთებდი და მეზარებოდა, იმ დროს შინაგანად ვიყავი მობილიზებული და პოეზიისკენ სულმიდრეკილი. შეიძლება არ დაიჯეროთ და ასეთ დროს დაწერილი ლექსი უფრო პოეტური გამოდის.
– თავიდან პოეტისთვის წახალისებას და სტიმულს აქვს მნიშვნელობა, თქვენ ვისი ქება გახსენდებათ?
– ამაზე ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ: მაშინ მწერალთა სახლში ბატონ გივი გეგეჭკორთან ჩემი ლექსები მქონდა დატოვებული, პასუხი მაინტერესებდა და თბილისში რომ ჩამოვედი, მასთან მივედი. ბატონი გივი ადგილზე არ დამხვდა. დერეფანში ერთი კაბინეტის კარები ღია იყო და იქ ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი დავინახე. მოწიწებით შევედი მასთან, თან მხოლოდ ის ლექსი მქონდა, რაც თელავიდან თბილისისკენ მომავალმა ავტობუსში დავწერე. ლექსი მართლა კარგი გამოვიდა. მაშინ ჩემი ლექსები ზეპირად ვიცოდი და ვიფიქრე, რამდენიმეს წავუკითხავ–მეთქი, მაგრამ ბატონმა ჯანსუღმა გამაჩერა და მითხრა, ხმამაღლა წაკითხული ლექსი არ მინდა, მაჩვენეთ თქვენი დაწერილი და მე თვითონ წავიკითხავო. თქვენ შეიძლება კარგი დეკლამატორი ხართ და ცუდი ლექსი კარგად მომაჩვენოთო. სხვა რა გზა მქონდა, ამოვიღე ჩანთიდან ლექსი, რომელიც გზაში დავწერე. მან წაიკითხა. მორიდებით ვუთხარი, გზაში დაჯღაბნილია–მეთქი. ავუხსენი ლექსებს სად და როგორ ვწერდი. მაშინ მან ჩემთვის საოცარი რამ მითხრა – თუ ტრანსპორტში, ვენახში, მინდორში და ჭურჭლის რეცხვის დროს ასეთ ლექსებს წერთ, წარმომიდგენია, კაბინეტში როგორ ლექსებს დაწერთო. მისი სიტყვები ძალიან გამიკვირდა, ვიფიქრე, როგორ შეიძლება კაბინეტში კაცმა ნორმალური ლექსი დაწეროს–მეთქი, ახლაც ვერ წარმომიდგენია კაბინეტში ლექსის წერა.
– ანუ თქვენ არაპოეტურ სიტუაციებს არჩევთ ლექსისთვის?
– ვწერ მაშინ, როცა ოცნების საშუალება მაქვს, როცა რაიმეს ვნატრობ. მაგალითად, ხშირად ვოცნებობ მთებში წასვლაზე. მთა ჩემი სუსტი წერტილია, ოღონდ დღემდე აუხდენელი, რადგან ვერც სვანეთში წავედი და ვერც ხევსურეთში. მთებისკენ მუდამ საოცარი ნატვრა და ძალა მეძახდა და სწორედ ამ ნატვრაში იწერებოდა ლექსები.
– იქნებ, მთები რომ გენახათ, მაშინ ვერც დაგეწერათ, ლექსს ხომ მთების ნატვრა გაწერინებდათ?
– ეგეც შესაძლოა... ერთხელ მომღერალმა გურამ ურჩუხიშვილმა ცოტა უხერხული, მაგრამ სიმართლესთან მიახლოებული რამ თქვა, რომ მაძღარი ადამიანი კარგს ვერაფერს შექმნისო. გონება მაშინ უფრო აქტიურად მუშაობს, როცა სილამაზეს, ბედნიერებას ესწრაფვის. ლექსიც სწორედ ამ სწრაფვის მომენტში იწერება.
– ანუ, როცა ბედნიერი ხართ, ეს გრძნობა მთლიანად ავსებს სულს?
– დაახლოებით ასეა. სიყვარულის დროსაც უამრავი ლექსი იწერება, მაგრამ სიყვარულიც ხომ ხშირად არაა სრულყოფილი? სიყვარულიც ტკივილთან ასოცირდება, ზოგჯერ ის მართლა ჰგავს ავადმყოფობას, მაგრამ გემრიელ ავადმყოფობას...
– ვიცი, რომ თქვენ ლექსებს ხშირად ისაკუთრებენ, როგორ იქცევით ამ დროს?
– რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როცა ჩემ ლექსს სხვისი სახელი და გვარი ეწერა. არ მიყვარს დავა და კამათი, მაგრამ როცა საქმე სერიოზულ სახეს იღებს, ხმას ვიღებ. ჩემი არაერთი ლექსი უამრავ საიტზე ვნახე სხვისი სახელითა და გვარით გამოქვეყნებული, ზოგი სახეცვლილი, ზოგი იგივენაირად გადაკოპირებული. ბოლო ლექსი, ეტყობა, ისე მოეწონათ, რომ ვეღარ გადააკეთეს. მერე შემთხვევით გავიგე, რომ კომპოზიტორ ია მაისაიას ამ ლექსზე უკვე ოთხი წელია სიმღერა ჰქონია დაწერილი. მან არ იცოდა ავტორი და ვიღაცას უთქვამს, რომ ლექსი ვინმე ჯაბა ჩაჩანიძისააო. ქალბატონი ია დაუკავშირდა ჯაბა ჩაჩანიძეს, რომელმაც ეს ფაქტი დაუდასტურა. მოგვიანებით შემთხვევით ვიღაცამ უთხრა, რომ ჩემი დაწერილი იყო. მარინა თექთუმანიძეს მისთვის ჩემი ტელეფონის ნომერი მიუცია. როცა ეს ჯაბა მოვძებნე, გაირკვა, რომ მარტო ჩემი კი არა, ბევრი სხვა ადამიანის ლექსიც ჰქონია მითვისებული. ბევრმა კომენტარებში დაუწერა ასე არ შეიძლებაო. ბოლოს საჯარო ბოდიშით „გამოისყიდა დანაშაული“.
– თქვენ ლექსს „ჩემი შვილია“ 14 ათასზე მეტი გაზიარება ჰქონდა და ეს არ არის ჩვეულებრივი მიძღვნა...
– ეს ლექსი უშუალოდ ჩემ შვილებს არ ეძღვნება. ესაა რთული თემა, როდესაც საქმე პრობლემურ ადამიანებს ეხება. ის ადამიანი, რაც უნდა დაკარგული იყოს, დედისთვის მაინც შვილია. ლექსი დედის ტკივილზე და დედის უპირობო სიყვარულზეა.
ჩემი შვილია
მე გავაჩინე... ჩემი შვილია...
თუ გნებავთ, მკერდი მომკვეთეთ ახლა.
ყოველი წუთი – ეს იგივეა,
რაც გულში მიჯრით ტყვიების დახლა...
ჩემი პირმშოა, ნაწილი ჩემი,
ჩემი გული და ჩემი სხეული...
ასეთიც მიყვარს, ასეთიც მტკივა
ქურდიც, მეძავიც,
ლოთიც, სნეულიც!..
მე ვათენებდი მასთან ღამეებს,
პირველ ნაბიჯებს მასავით ვდგამდი.
მას რომ დაცემულს სისხლი სდიოდა,
ის სისხლი გულში მე ახლაც დამდის...
ჩემი შვილია... ჰო, ჩემი, ჩემი,
ახლა თუ გნებავთ, მომკვეთეთ მკერდი,
რომ ვჭირდებოდი, ვერ დავეხმარე,
ვერ დავუდექი ბეჩავი, გვერდით...
თქვენ ვერ მიხვდებით, რა დარდი მძიძგნის,
თქვენ ვერ გაიგებთ, რა ხდება ჩემში...
სხვანაირია, არავის არ ჰგავს
და ეს სხვაობა ჭკუიდან შემშლის...
მე ვიღიმები... ზოგჯერ ვღიღინებ...
მან რომ არ იგრძნოს სულის ქვითინი...
მე ახლაც მესმის ცრემლიან ცხადში,
მისი ბავშვური ხმა და ტიტინი..
რა ვუყოთ, თუკი უცნაურია,
გოგოა, მაგრამ ჩამოჰგავს ჭაბუკს,
ნუ დაამცირებთ. ნუ დააბიჯებთ.
ნუ აადევნებთ ჭორების ქარბუქს...
მე გავაჩინე. ჩემი შვილია,
მე ვაგებ პასუხს, მისთვის და მასზე...
და მაინც ყველამ და მაინც ყველამ,
ილაპარაკოს საკუთარ თავზე.
– ვიცი, რომ ცხოვრებაში რჩევების მიცემა რთულია, მაგრამ მაინც...
– მინდა ყველას მივმართო, რომ ურთიერთობაში იყვნენ გულწრფელები და ისე იცხოვრონ, რომ უკან მოხედვის არ შეეშინდეთ. მე პირადად ძალიან ბევრ ჩადენილ შეცდომას გულწრფელად ვნანობ და შესაძლებლობა რომ მქონდეს, ბევრ რამეს გამოვასწორებდი...