თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მსჯავრდებული გიორგი ფასიეიშვილი, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა, 5 დეკემბრიდან ჩაერთო სუიციდის პრევენციის პროგრამაში, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფასიეიშვილი 17 დეკემბერს დაიღუპა. ის გლდანის №8 დაწესებულებაში სასჯელს მეზობლის დაჭრისთვის იხდიდა. დააკავეს მიმდინარე წლის აგვისტოში. ფასიეიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, მოითხოვდა გათავისუფლებას და ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის გამო მსჯავრდებული რამდენჯერმე მოათავსეს ციხის №18 სამედიცინო დაწესებულებაში, შემდეგ კი ღუდუშაურის კლინიკაში.
„5 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილი ჩაერთო სუიციდის პრევენციის პროგრამაში; 8 დეკემბერს ბრალდებული კვლავ გადაიყვანეს ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში, მაგრამ მანქანიდან არ გადმოვიდა და დაბრუნდა N18 დაწესებულებაში. 14 დეკემბერს ბრალდებული ღუდუშაურის კლინიკაში იქნა გადაყვანილი და იმავე დღეს დაბრუნდა პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში. 15 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილი კვლავ იქნა გადაყვანილი ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც იმყოფებოდა გარდაცვალებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდაცვალების დღეს ფასიეიშვილი იმყოფებოდა ღუდუშაურის კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც უცბად განუვითარდა ქოშინი, აპნოე და მიუხედავად ექიმების მცდელობისა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პენიტენციური სამსახურის მონაცემებით, ღუდუშაურის კლინიკის ექიმებმა მას დაუსვეს დიაგნოზი - ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი თრომბოიტოპენია, დაუზუსტებელი კოაგულოპათია, ბოდვითი აშლილობა, ჰიპოგლიკემია.
თბილისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა >>
ფასიეიშვილი გადაადგილდებოდა ინვალიდის ეტლით, იყო ძალიან გამხდარი. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ თავად მსჯავრდებული კვლევებზე უარს აცხადებდა.