თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თელავში ბატონის ციხეში საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დადებს ფიცს და თავისი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. თუმცა მას მხარს აქტიურად მმართველი პარტია უჭერდა. ზურაბიშვილს ხმა მისცა 1,1 მილიონმა ამომრჩეველმა, ანუ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 59,52%-მა.
ინაუგურაციის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 49 წუთს გაგრძელდება.
ცერემონიაზე ზურაბიშვილი თავის შვილებთან ერთად გამოცხადდება.
საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს მიმავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინაუგურაციაზე ხელისუფლებას სიმბოლურად ახლადარჩეულ პრეზიდენტს გადასცემს.
მარგველაშვილი ცერემონიის მზადყოფნის თაობაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლის პატაკს ჩაიბარებს, ხოლო ფიცის დადების შემდეგ ჯარი ზურაბიშვილის უკვე როგორც საქართველოს ახალ პრეზიდენტსა და მთავარსარდალს მიესალმება.
ზურაბიშვილი მარჯვენა ხელის კონსტიტუციაზე დადებით ფიცის სიტყვებს წარმოთქვამს, ხოლო ჰიმნისა და სახელმწიფო დროშის აღმართვის შემდეგ ქართველ ხალხს პირველად მიმართავს.
ზურაბიშვილი ქვეყანას 2024 წლის შემოდგომამდე უხელმძღვანელებს.
ინაუგურაციას დაესწრებიან ხელისუფლების ყველა ფენის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და მაღალი რანგის სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ ყველა სტუმარი ცერემონიაზე ფეხზე იდგება. საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განმარტებით, ისტორიულ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ დასაჯდომი ადგილების მოწყობა მოხერხდა მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისთვის, ხანდაზმული და შშმ პირთათვის.
ინაუგურაციაზე სანახაობრივი კომპონენტიც იქნება. ცერემონიაზე სამხედრო ორკესტრი დაუკრავს და ხალხური ანსამბლები წარდგებიან.
ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სტუმრები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვლენ, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სხვ.
ამასთან ერთად, თელავში ინაუგურაციის დღეს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციას გამართავს.
„ძალა ერთობაშიას“ ლიდერები, რომლის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა, არჩევნების შედეგებს არ ცნობენ. მათ ზურაბიშვილის მხარდამჭერი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის გზით არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.
საპროტესტო აქცია ასევე გაიმართება ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.
თუმცაღა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებს შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.