ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს

ქართველმა ძიუდოისტებმა წლის ბოლო ტურნირზე საერთო გუნდური ჩათვლა მოიგეს
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში „მასტერსის“ სერიის ტურნირის დასკვნით დღეს ოქროს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველი უნდა შეხვედროდა მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მეტოქე ტატამზე ვერ გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ჩინეთის ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს

აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანისათვის ჩინეთის „მასტერსზე“ ეს უკვე ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. რიო-დე-ჟანეიროს ვერცხლის პრიზიორი კვარცხლბეკის ზედა საფეხურზე გასულ წელსაც ავიდა.

კიდევ ერთი ოქრო მოიპოვა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ). გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მან ბრაზილიელ რაფაელ სილვას სძლია.

საერთო ჯამში სეზონის დასკვნით ტურნირზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ხუთი მედალი მოიპოვეს. ამირან პაპინაშვილმა (-60 კგ) ვერცხლი აიღო, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

ზვიად პატარიძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელეს >>

ამ შედეგით ქართველმა ძიუდოისტებმა მედლების საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე ადგილზე იაპონიაა (2-0-1), მესამეზე - რუსეთი (1-1-2).

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტურნირზე გამარჯვება იზეიმა კიდევ ერთმა ქართველმა. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილმა (-90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.