გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრნენ.
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ზამთრის სეზონის გახსნასთან ერთად, გუდაურში კურორტის დაარსებიდან 30 წლის საიუბილეო თარიღი საზეიმოდ აღნიშნეს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

გუდაურში სამოყვარულო რბოლა გაიმართება

პრემიერმა ღონისძიებაზე ზამთრის ტურიზმის მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრა.

„გუდაური ახალ სეზონს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება. გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება, მათ შორის მოხდა 2 ძველი გზის რეაბილიტაციაც. სასიხარულოა, რომ ამ 6 ახალი საბაგიროდან 3 არის გუდაური-კობის მონაკვეთზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი...  ეს პროექტები საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით ოთხჯერ გავზარდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში. ეს იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც წინა წლებში ყველას გვაწუხებდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის კურორტების კომპანიის ორგანიზებით ახალ გუდაურში გაიმართა.

გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

პრემიერმა ისაუბრა გუდაურში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებზე, მათ შორის გამოყო წყლის რეზერვუარის მშენებლობა. გარდა ამისა, კურორტზე ბევრ ადგილას ხელოვნური გათოვლიანების სისტემები დამონტაჟდა.

„ჩენ გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და ამისთვის საჭიროა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გუდაურმა დაარსებიდან დღემდე მილიონობით ტურისტს უმასპინძლა, ამ ხნის მანძილზე  მას აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უჭირავს.

წელს საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე სპეციალურად მომზადებული პოლიციის თანამშრომლები იმუშავებენ. ამისათვის 82-მა პოლიციელმა გადამზადება გაიარა.

ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 - 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი)ტურისტების რაოდენობა 491% -ით გაიზარდა.