გუდაურში ახალ სასტუმროებს ააშენებენ

ახალი სასტუმროები სტუმრების მიღებას 2019–2020 წლებში დაიწყებენ.
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2018 წელს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 16 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მაუწყებლის ინფორმაციით, ნებართვის თანახმად, მშენებლობის დასრულების ვადებად განსაზღვრულია 2019–2020 წლები. სასტუმროებს ორგანიზაციები და კერძო პირები ააშენებენ.

ცნობილია ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი

გუდაურის განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც საქართველოს მთავრობამ კანადურ კომპანია ECOSIGN-თან ერთად შეიმუშავა, კურორტი სამ ტერიტორიად იყოფა. პირველი – ცენტრალური გუდაურია.

მეორე – ახალი გუდაური, რომელიც იქნება კურორტის მთავარი საფეხმავლო ცენტრი. ასევე საკურორტო დასახლების შენობების პირველ სართულებზე სავალდებულო წესით განთავსდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოთხილამურეთა მომსახურების ცენტრები, სავაჭრო დაწესებულებები, კვების ობიექტები, დასასვენებელი სივრცეები, საკონფერენციო დარბაზები.

მესამე იქნება კობი–გუდაურის საბაზო არეალი, რომელიც გააუმჯობესებს წვდომას გუდაურის სათხილამურო არეალთან. ასევე  შესაძლებლობას მისცემს სტეფანწმინდის მოსახლეობას და ჩრდილოეთის მხრიდან შემომავალ ტურისტებს, მიუხედავად კლიმატური პირობებისა, დიდი ამწეობის საბაგირო გონდოლის მეშვეობით ძალიან მარტივად მოხვდნენ კურორტის სასრიალო სივრცეში.