ქუჩებში საპატრულო პოლიციის ერთკაციანი ეკიპაჟები გამოჩნდება

რეფორმის ფარგლებში მეტი ყურადღება დაეთმობა ქალაქის ქუჩებში საგზაო მოძრაობის რეგულირებას და პარკირების მოწესრიგების საკითხს.
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უახლოეს მომავალში მუშაობის ახალი სტანდარტი დაინერგება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უბნის ინსპექტორებს მართლწესრიგის ოფიცრები ჩაანაცვლებენ

სისტემური განახლების ფარგლებში საპატრულო პოლიციაში ინერგება ახალი ამერიკული მოდელი, რაც გულისხმობს სტანდარტულ, ორკაციან საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად ახალი პატრულ-ინსპექტორების დამატებას, რომლებიც პატრულირებას მეწყვილეების გარეშე განახორციელებენ.

„შედეგად, მეტი ყურადღება დაეთმობა ქალაქის ქუჩებში საგზაო მოძრაობის რეგულირებას და პარკირების მოწესრიგების საკითხს", – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, გამარტივდება შემთხვევის ადგილზე პატრულ-ინსპექტორების მუშაობის პროცედურული ნაწილიც, რაც ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლების ადგილზე დაყოვნების დროს შეამცირებს. კერძოდ, ამერიკული მოდელის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე მხოლოდ საჯარიმო და ალკოჰოლური თრობის დამადასტურებელ ქვითრებს გამოწერს.

სიახლე პირველ ეტაპზე მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს შეეხება.

უწყების ცნობით, სისტემური განახლების ფარგლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების რამდენიმეთვიანი კურსი დაასრულეს, რომლის შედეგად უახლოეს მომავალში მუშაობის ახალი სტანდარტი დაინერგება.