შესრულდება მხოლოდ შედევრები: თბილისის ქალთა გუნდი იუბილეს აღნიშნავს

საიუბილეო კონცერტის სტუმარს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდება.
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ქალთა გუნდი დაარსებიდან მეხუთე წლისთავს, თავის პირველ იუბილეს საზეიმო კონცერტით აღნიშნავს, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 23 დეკემბერს გაიმართება.

საღამოზე ქართული და მსოფლიო საგუნდო მუსიკის შედევრები აჟღერდება.

იტალიელი ტენორი და ქართული გუნდი – თბილისში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" გაიმართება

ბილეთების შეძენა შესაძლებელია კახიძის ცენტრის სალაროებში და ასევე ონლაინ. კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება.

თბილისის ქალთა გუნდი 2013 წელს დაარსდა (სახელწოდებით „თბილისის გოგონათა გუნდი") და მალევე აქტიურად ჩაერთო ქვეყანაში კლასიკური მუსიკის პოპულარიზებისკენ მიმართულ საკონცერტო პროგრამებში, საქველმოქმედო საღამოებსა და ექსპერიმენტულ პროექტებში.

გუნდი არის სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული. მისი რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, ისე მსოფლიო საგუნდო ნაწარმოებების ნიმუშებს.

გუნდს ხელმძღვანელობს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადირიჟორო განყოფილების ასისტენტ-პროფესორი ომარ ბურდული.

გუნდის საუკეთესო გამოსვლების მოსმენა შეგიძლიათ აქ.