თბილისის ტელეანძის მოდერნიზების პროექტი უკვე მზადაა

დედაქალაქის ტელეანძაზე ტურისტული ცენტრისა და რესტორნის შექმნის პროექტი დაახლოებით 50 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტის თანახმად, რომელიც ესტონურმა KOKO architects-მა შეიმუშავა, ანძაზე უნდა განთავსდეს ტურისტული ცენტრი, რესტორანი და გადასახედი მოედანი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის განცხადებით, მსოფლიოს მრავალ ქალაქში არსებობს პრაქტიკა, როდესაც სატელევიზიო ანძა ტურისტებისთვის არის მოწყობილი.

„აქ უნდა განთავსდეს ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება დაახლოებით 300 ათას ვიზიტორზე. ამ პროექტის ფარგლებში ასევე გაკეთდება რესტორანი, იქნება ზემოთ პანორამული გადმოსახედები. ეს კონკრეტული ობიექტი 75 მეტრ სიმაღლეზე იქნება", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტი დაახლოებით 50 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს. პროექტი ქალაქს დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაუჯდება.

როგორ შეხვდება თბილისი ახალ წელს

იგეგმება ტელეანძის მეოთხე „ფეხის" მშენებლობაც – ლიფტისა და სახანძრო კიბისთვის, ოღონდ გადასაწყვეტია, ის ცენტრში აშენდება, თუ ანძის წინა ფეხთან.

სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის ყველა ვარიანტი ინტერნეტში გამოქვეყნდება.

„გვაინტერესებს საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება, თუ რომელი პროექტი უფრო მოსაწონია და რომლის განხორციელება იქნება საინტერესო სამომავლოდ", – განაცხადა კალაძემ.

კონკურსი ტელეანძის ტურისტულ ცენტრად გარდაქმნის პროექტის შემუშავებაზე აპრილში გამოცხადდა.

დღევანდელი ტელეანძა თბილისში 1972 წელს დაიდგა. მისი სიმაღლე 274,5 მეტრია.