თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. გუდაური სამოყვარულო „წყვილთა რბოლას“ 15 დეკემბერს უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამოყვარულო „წყვილთა რბოლა“ 13:00 საათზე დაიწყება. რბოლაში მონაწილეობის მიღება ოთხივე ამძრავი თვლით აღჭურვილი (4WD) ავტომობილების მძღოლებისთვის იქნება შესაძლებელი, რომლებმაც რეგისტრაცია რბოლის დღეს 12:00-დან 13:00 საათამდე უნდა გაიარონ. რბოლის დაწვრილებითი მარშრუტის გაგება შესაძლებელია აქ.
რბოლაში გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები ელოდებათ. პირველ ადგილზე გასული ზამთრის საბურავების სრულ კომპლექტს და 200 ლიტრ საწვავს მიიღებს. მეორე ადგილზე გასული მიიღებს 200 ლიტრ საწვავსა და ფრანგული წარმოების საავტომობილო ზეთს, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 100 ლიტრი საწვავი და საავტომობილო ზეთი გადაეცემა. რბოლის ყველა სხვა მონაწილეს კი საჩუქრად ანტიფრიზი გადაეცემა.
შეჯიბრი ჩატარდება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსის შესაბამისად და „წყვილთა რბოლის“ რეგლამენტის მოთხოვნით.
გარდა ამისა, შეჯიბრის ერთ-ერთი სპონსორი ყველა მონაწილესა და მაყურებელს „ჰოთ-დოგით" გაუმასპინძლდება, ერთ-ერთი პარტნიორული კომპანია კი თოვლმავლების გამოფენის მოწყობას გეგმავს.