ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება მიღებულია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

10 დეკემბერს ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა მოითხოვა საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც  ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს.

ვინ დაესწრება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას

სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატია.

ოპოზიციის აზრით, იმავე მეორე ტურის წინ ხელისუფლების მხრიდან  600 000 ადამიანისთვის საბანკო ვალების განულების დაპირება ამომრჩეველის  პირდაპირი მოსყიდვა იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკუთარ სარჩელზე მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაელოდნენ და მათ სასამართლო  დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თავად სასამართლოს მიმდინარეობა კი იყო სრული აბსურდი, სადაც სალომე ზურაბიშვილის და ცესკო-ს წარმომადგენლები გვიმტკიცებდნენ, რომ კავშირი ივანიშვილს, ბახტაძეს, კალაძეს, კობახიძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის არ არსებობს. რომ რეალურად, სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც ამ ადამიანებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის უბრალოდ მოსახლეობის დაცინვა“, – განაცხადა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავამ.

ვისი ნახვა სურს ზურაბიშვილს თავის ინაუგურაციაზე

მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება და სამოტივაციო ნაწილი ცნობილი ხვალ გახდება.

„ვფიქრობთ, რომ მოსამართლის ეს განცხადება მტკიცებულებად გამოგვადგება უკვე სააპელაციო სასამართლოში და შემდგომ უკვე სტრასბურგის სასამართლოში“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი ექვსი წლის ვადით აირჩია. ეს იყო ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფო მეთაური პირდაპირი წესით აირჩიეს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტს მომავალში საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74%. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.